იდუმალი ანომალია, რომელიც დედამიწის მაგნიტურ ველს ასუსტებს, ორ ნაწილად იყოფა
იდუმალი ანომალია, რომელიც დედამიწის მაგნიტურ ველს ასუსტებს, ორ ნაწილად იყოფა

ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ახალი თანამგზავრული მონაცემები მიუთითებს, რომ იდუმალი ანომალია, რომელიც დედამიწის მაგნიტურ ველს ასუსტებს, განვითარებას აგრძელებს; როგორც უახლესი დაკვირვებები მიუთითებს, სულ მალე, ჩვენ წინაშე ერთის ნაცვლად შეიძლება, ორი ასეთი უცნაური ფენომენი გაჩნდეს.

სამხრეთ ატლანტიკური ანომალია წარმოადგენს დედამიწის მაგნიტურ ველში ვრცლად გადაჭიმულ შემცირებულ მაგნიტურ ინტენსივობას, რომელიც სამხრეთ ამერიკიდან აფრიკის სამხრეთ-დასავლეთამდე ივრცობა.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პლანეტის მაგნიტური ველი ერთგვარი ფარის როლს ასრულებს, რომელიც დედამიწას მზის ქარებისა და კოსმოსური რადიაციისგან იცავს და ამავე დროს განსაზღვრავს მაგნიტური პოლუსების მდებარეობას, მისი სიძლიერის ნებისმიერი ცვლილება მნიშვნელოვანი მოვლენაა და დეტალურ კვლევას საჭიროებს, რადგან ამ ცვლილებამ შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს ჩვენს პლანეტაზე.

ამ მომენტისათვის, საგანგაშო არაფერია. როგორც ESA აღნიშნავს, ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი ეფექტი დიდწილად შემოიფარგლება მხოლოდ დედამიწის დაბალ ორბიტაზე, სამხრეთ ამერიკისა და სამხრეთ ატლანტიკის თავზე, სამხრეთ ატლანტიკურ ანომალიაში მოძრავი ხელოვნური თანამგზავრებისა და კოსმოსური ხომალდების ტექნიკური მუშაობის დარღვევებში, რადგან ისინი უფრო დიდი ოდენობით იღებენ დამუხტულ ნაწილაკებს.

ESA-ს მონაცემებით, გასული ორი საუკუნის განმავლობაში, დედამიწის მაგნიტურმა ველმა სიძლიერის საშუალოდ 9 პროცენტი დაკარგა. ბოლო 50 წლის განმავლობაში, სამხრეთ ატლანტიკურ ანომალიაში ველის სიძლიერე 24 000 ნანოტესლადან 22 000 ნანოტესლამდე შემცირდა.

უცნობია, ზუსტად როგორ ხდება ეს პროცესი. დედამიწის მაგნიტურ ველს წარმოქმნის ელექტრული დენი, რომელიც თავის მხრივ წარმოქმნილია ჩვენი პლანეტის გარე ბირთვში მოძრავი თხევადი რკინის მასის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ მოცემულ მომენტში ეს ფენომენი სტაბილური ჩანს, დროის დიდ მონაკვეთებში ასე არ არის.

კვლევები აჩვენებს, რომ დედამიწის მაგნიტური ველი გამუდმებით მოძრაობის მდგომარეობაშია, ყოველ რამდენიმე ათასწლეულში ერთხელ კი დედამიწის მაგნიტური ველი ტრიალდება, ანუ ჩრდილოეთ და სამხრეთ მაგნიტური პოლუსები ადგილებს ცვლიან.

ეს პროცესი სინამდვილეში შეიძლება იმაზე ხშირად ხდება, ვიდრე გვგონია. მაშინ, როცა მეცნიერები კამათობენ იმის შესახებ, როდის შეიძლება მოხდეს შემდეგი ასეთი მოვლენა, გეოფიზიკოსებისთვის ბოლომდე უცნობი რჩება პლანეტის მაგნიტური პოლუსების მოძრაობა.

ბოლომდე ცნობილი არც ის არის, როგორ შეიძლება იყოს ეს გადანაცვლება დაკავშირებული სამხრეთ ატლანტიკურ ანომალიაში ამჟამად მიმდინარე პროცესთან. ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, ამ პროცესის მიზეზი შეიძლება იყოს მკვრივი ქანების ვრცელი რეზერვუარი აფრიკის ქვეშ.

ნათელი ის არის, რომ სამხრეთ ატლანტიკური ანომალია ერთ ადგილზე არ ჩერდება. 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, ანომალია ზომაში იზრდება, ამავე დროს, წელიწადში დაახლოებით 20 კმ სიჩქარით მიემართება დასავლეთისაკენ. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს Swarm თანამგზავრების ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ანომალიის შიგნით გახსნა დაიწყო მინიმალური ინტენსივობის მეორე ცენტრმა.

ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ რომ შეიძლება მიმდინარეობდეს მისი გაყოფა ორ ცალკეულ უჯრედად — ერთი მათგანი სამხრეთ ამერიკის შუა ნაწილის თავზე იქნება მოქცეული, მეორე, ახალი კი გამოჩნდება აღმოსავლეთით, სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის სანაპიროს თავზე.

„სამხრეთ ატლანტიკური ანომალიის ახალი, აღმოსავლეთი მინიმუმი ბოლო ათწლეულში გამოჩნდა და განსაკუთრებით მტკიცედ ვითარდება ბოლო წლებში. ახლა მთავარი გამოწვევაა დედამიწის ბირთვში მიმდინარე იმ პროცესთა გარკვევა, რომელიც ამ ცვლილებებს იწვევს“, — ამბობს გერმანიის დედამიწის მეცნიერებათა კვლევითი ცენტრის გეოფიზიკოსი იურგენ მაცკა.

უცნობია, როგორ განვითარდება ანომალია ამის შემდეგ, მაგრამ როგორც წინა კვლევა მიუთითებს, მაგნიტურ ველში ამ სახის აშლილობამ შეიძლება გამოიწვიოს მოვლენები, რომლებიც ყოველ რამდენიმე ასწლეულში ერთხელ ხდება.

ასევე უცნობია, სწორედ ამის მომსწრე ვართ თუ არა ახლა ან როგორ დასრულდება ანომალიის ორად გაყოფა, თუმცა, მეცნიერები მას ახლოდან აკვირდებიან და აქტიურად იკვლევენ.

მომზადებულია esa.int-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.