IBSU-ს რექტორი აცხადებს, რომ უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების შეზღუდვისას მხოლოდ ფინანსური პრობლემები დაუსახელეს
შავი ზღვის უნივერსიტეტის რექტორი ილიას ჩილოღლუ აცხადებს, რომ გარდა ფინანსურისა, IBSU-სთან დაკავშირებით სხვა დარღვევებზე საუბარი არ ყოფილა.
„რა თქმა უნდა, არის არის ძალიან ბევრი სტანდარტი, რაც უნივერსიტეტმა უნდა დააკმაყოფილოს ავტორიზაციისას. ჩვენს შემთხვევაში, სხვადასხვა სახის რეკომენდაციები იყო გაწერილი, მაგრამ შეხვედრის ბოლოს, საბჭოს თავმჯდომარემ გამოაცხადა ფინანსური პრობლემები, საგადასახადოსთან დავა და ყადაღა. ამიტომ შეგვეზღუდა სტუდენტების მიღება მხოლოდ ერთი წლით. დანარჩენზე ყურადღება არ გაუმახვილებიათ.
თამარ სანიკიძეც პირველ დღეებში აცხადებდა, რომ ამიტომ შეეწყვიტა უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება და ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ სხვა რაღაცებს ამატებენ, რომელიც არ იყო აქამდე“, – აცხადებს უნივერსიტეტის რექტორი.
შავი ზღვის უნივერსიტეტის (IBSU) რექტორმა ილიას ჩილოღლუმ განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადეს, თუმცა სასამართლო ბრძოლას განაგრძობენ.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ძალიან კარგია, რომ უნივერსიტეტების პრობლემების მოგვარება დაიწყო, თუმცა ვალის გადახდით ყველაფერი არ მოგვარებულა.