იაშვილის კლინიკაში მოთავსებული ექვსი წლის ბავშვის მშობლები მოზარდის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ
ექვსი წლის საბა კიწმარიშვილის მშობლები მკურნალობის მიზნით ბავშვის საზღვარგარეთ გადასაყვანად დახმარებას ითხოვენ. მოზარდი ამ დროისთვის იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზეა.
ბავშვს ოთხი სხვადასხვა დიაგნოზი დაუდგინდა და მისი მდგომარეობა მძიმეა. ოჯახის წევრების მტკიცებით, ექიმებს არ აქვთ ზუსტი პასუხი, რატომ რთულდება ექვსი წლის ბიჭის მდგომარეობა.
კლინიკაში კი განმარტავენ, რომ ბავშვი საავადმყოფოში უკიდურესად მძიმე მდგომარეობით შევიდა, ვითარებაში გასარკვევად კი, დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის პროცესში სამედიცინო დაწესებულების სრული რესურსი იყო ჩართული.
„ექვსი წლის პაციენტი მკურნალობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. იმყოფება ხელოვნურ სუნთქვაზე. უგრძელდება კომბინირებული ანტიბიოტიკოთერაპია, ჰორმონოთერაპია. საჭიროების შემთხვევაში, სისხლის კომპონენტების ტრანსფუზია. დინამიკაში უტარდება ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. მდგომარეობა რჩება მძიმე“, – განაცხადა იაშვილის კლინიკის ექიმმა რეანიმატოლოგმა, ლიკა მოხევიშვილმა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ოჯახს პაციენტის მკურნალობის საზღვარგარეთ გაგრძელებასთან დაკავშირებით დახმარება ოფიციალურად ამ დრომდე არ უთხოვია. სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ტრანსპორტირება ამ დროისთვის დაუშვებელია.
6 წლის ბავშვი თბილისში ბათუმიდან გადმოიყვანეს. მას ჯერ ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ, შემდეგ კი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს.