იარაღთან დაკავშირებული ზოგიერთი სამართალდარღვევისთვის დაწესებული სანქცია იზრდება
იარაღთან დაკავშირებული ზოგიერთი სამართალდარღვევისთვის დაწესებული სანქცია იზრდება

იარაღთან დაკავშირებული ზოგიერთი სამართალდარღვევისთვის დაწესებული სანქცია იზრდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის.

კანონპროექტის მიხედვით, ცეცხლსასროლი იარაღიდან, ასევე, გაზის (აირის), ხმოვანი (აკუსტიკური) ან სასიგნალო იარაღიდან სროლა დასახლებულ პუნქტებსა და საამისოდ გამოუყოფელ ადგილებში, აგრეთვე გამოყოფილ ადგილებში, მაგრამ დადგენილი წესის დარღვევით, გამოიწვევს დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით, იარაღისა და საბრძოლო მასალის კონფისკაციით ან უამისოდ.

თუ იგივე ქმედების ჩადენა იმ პირის მიერ მოხდება, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ სამართალდარღვევისთვის, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას – 1 000 ლარის ოდენობით, იარაღის და საბრძოლო მასალის კონფისკაციით.

ამასთან, ცვლილებებით, ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის მქონე პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა, ასევე, სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ნებართვის მქონე პირის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების წესის დარღვევა დასახლებულ პუნქტში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში, გამოიწვევს დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით.

პროექტით განისაზღვრება, რომ აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი იმავე სამართალდარღვევისათვის, გამოიწვევს დაჯარიმებას – 2 000 ლარის ოდენობით, იარაღის და საბრძოლო მასალის კონფისკაციით.

ასევე, ინიციატივით, გაზისა (აირის) და ხმოვანი იარაღის ტარების წესის დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღიდან სროლა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.