იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი კობა კოშაძე დააკავეს
სამართალდამცველებმა ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი კობა კოშაძე დააკავეს. ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
როგორც პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი გურამ ჩალაგაშვილი ყვება, კობა კოშაძე ასევე არის ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი და მძღოლი. მისი თქმით, მათი თანაპარტიელი თბილისის შემოსასვლელში დააკავეს. გურამ ჩალაგაშვილი მომხდარს ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციურ პარტიაზე რეპრესიის მცდელობად აფასებს.
„კობა კოშაძე დააკავეს ქალაქის ტერიტორიაზე. დააკავეს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, როგორც ამბობენ და სასამართლოს არანაირი განჩინება არ არსებობს. გადაყვანილია წინასწარ დაკავების იზოლატორში. ადვოკატი შესულია. ამ ადამიანს ვიცნობთ წლებია. ამ ადამიანის ხელში იარაღი არავის არასდროს უნახავს. რასთანაც გვაქვს საქმე, ცხადია, ეს არის რეპრესიების დაწყება პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს მარტივი პასუხი, ის შეთვლა, რომელიც ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ოთხი დღის წინ ირაკლი ოქრუაშვილისადმი, რომ არ ჩამოსულიყო საქართველოში და მან მიიღო ამაზე უარი, რა თქმა უნდა ხელისუფლების პასუხი იყო ის, რომ მისი მეგობარი და ჩვენი პარტიის აქტიური წევრი დააკავეს. ამით ვერაფერს გახდებიან, ძალიან ბევრი ვართ. მათ თავად მოუწევთ პასუხისგება ყველაფერზე, რაც ჩაიდინეს 20 ივნისს“, – განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.
კობა კოშაძის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს იარაღი ჩაუდეს.
„კობა კოშაძე არის ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი. მასთან მუშაობს უკვე წლებია. დღეს, დაახლოებით 11:00 საათისთვის თავისი სოფლიდან მოძრაობდა თბილისის მიმართულებით და თბილისის შემოსასვლელში გააჩერეს, ალბათ 20-მდე პოლიციელმა და ჩაუდეს იარაღი. დიდხანს ეხვეწებოდნენ, შენს თავზე აიღე, აღიარე, რომ ეს შენი იყო. მსგავსი, რა თქმა უნდა, არაფერი ყოფილა. ახლა გამოვედი მისგან, რაღაცა მოტივით, თითქოს უნდა შეემოწმებინათ, ტანსაცმელიც გაუხდიათ და დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში სხვა ოთახში გაიყვანეს და ტანსაცმელი ცალკე იყო, რაც ეჭვის საფუძველს ქმნის, რომ მიკრონაწილაკები ვთქვათ აიღონ და იარაღზე დაადონ. ასევე, როგორც ამბობს, ზურგზე სველი ტილოთი შეეხნენ მას, ასე ვთქვათ ანაწმენდი აიღეს არაოფიციალურად“, – განაცხადა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.