იაპონიის გრანპრი ვალტერი ბოტასმა მოიგო, „მერსედესმა“ კონსტრუქტორთა თასი მოიპოვა
იაპონიის გრანპრი ვალტერი ბოტასმა მოიგო, „მერსედესმა“ კონსტრუქტორთა თასი მოიპოვა

„მერსედესის“ პილოტმა ვალტერი ბოტასმა პირველი გამარჯვება მოიპოვა მიმდინარე სეზონში აპრილის შემდეგ – ფინელმა დამაჯერებელ სტილში მოიგო იაპონიის გრანპრი.

სასტარტო ბილიკზე ფინელი მხოლოდ მესამე იყო, მაგრამ უკვე პირველი მოსახვევიდან გამოსვლის შემდეგ, „ფერარის“ ორივე პილოტს გაუსწრო და ლიდერობა მოიპოვა. სულ რაღაც რამდენიმე წრეში მან ორი წამით ჩამოიტოვა უკან სებასტიან ფეტელი და პელოტონის სათავეში მყარად მოექცა.

ბოტასმა მხოლოდ მეორე პიტსტოპის შესრულებისას დაკარგა პირველი პოზიცია, მაგრამ, როცა მისი თანაგუნდელი ლუის ჰემილტონიც შევიდა ბოქსებში მეორე პიტსტოპისთვის, ფინელი პირველ პოზიციაზე დაბრუნდა 12-წამიანი უპირატესობით და უპრობლემოდ მიიყვანა რბოლა გამარჯვებამდე. ეს მისი მესამე მოგება იყო სეზონში და მეექვსე – კარიერაში.

ჰემილტონი ბოლო წრეებზე უტევდა ფეტელს მეორე ადგილისთვის, მაგრამ გერმანელის გასწრება ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა, პირველი და მესამე ადგილი ეყო „მერსედესს“ კონსტრუქტორთა თასზე ვადაზე ადრე გამარჯვებისთვის. გერმანულმა საჯინიბომ ზედიზედ მეექვსედ მოიგო გუნდური ჩათვლა.

მეოთხე ადგილზე გავიდა „რედ ბულის“ პილოტი ალექს ალბონი. ეს მისთის საუკეთესო შედეგია ფორმულა 1-ში.

მეექვსე იყო „ფერარის“ მეორე პილოტი შარლ ლეკლერი. სტარტის შემდეგ, მონაკოელი მეორე მოსახვევში მაქს ფერსტაპენს შეეჯახა და იძულებული პიტსტოპის შემდეგ, პელოტონის ბოლოში მოექცა, თუმცა, მოახერხა ქულებში შესვლა.

პირად ჩათვლაში ლუის ჰემილტონის უპირატესობა ვალტერი ბოტასზე 63 ქულამდე შემცირდა. ტიტულის ვადაზე ადრე მოსაპოვებლად, ორი კვირის შემდეგ, მექსიკის გრანპრიზე ბრიტანელს ფინელზე 14 ქულით მეტის მოპოვება სჭირდება.