ლუის ჰემილტონმა სეზონში მეცხრე ეტაპი მოიგო (ვიდეო)
ლუის ჰემილტონმა სეზონში მეცხრე ეტაპი მოიგო (ვიდეო)

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა სეზონში მეცხრე გამარჯვება მოიპოვა, „მერსედესმა“ კი ვადაზე ადრე გაიფორმა კონსტრუქტორთა თასზე გამარჯვება.

მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი „იმოლას“ ტრასაზე გაიმართა – პირველად 14-წლიანი პაუზის შემდეგ. 2006 წელს, აქ „ფერარის“ ბოლიდით მიხაელ შუმახერმა მოიგო. მაშინ ლეგენდარულმა გერმანელმა პოული მოიპოვა წუთსა და 26,890 წამში, ახლა კი ვალტერი ბოტასმა საუკეთესო წრე წუთსა და 13.809 წამში გაიარა.

სტარტზე ჰემილტონს მეორე პოზიცია ჰქონდა. პირველ მეტრებზე მან არა თუ ვერ შეძლო თანაგუნდელი ბოტასის გასწრება, არამედ წინ გაუშვა „რედ ბულის“ პილოტი მაქს ფერსტაპენი და მესამე ადგილზე აღმოჩნდა. თუმცა, რბოლის შუაში ჰემილტონმა ვირტუალური უსაფრთხოების მანქანის რეჟიმში პიტსტოპის წყალობით გაუსწრო ბოტასსაც და ფერსტაპენსაც და ლიდერობა მოიპოვა. ამის შემდეგ, ჩემპიონმა 15-წამიანი უპირატესობა მიიღო. თუმცა, ამ უპირატესობისგან არაფერი დარჩა, როცა ფერსტაპენის გავარდნის შემდეგ, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოჩნდა.

ამის შემდეგ შედგა რესტარტი, რომლის დროსაც ჰემილტონმა უპრობლემოდ შეინარჩუნა ლიდერობა, ბოტასი კი მეორე პოზიციაზე დარჩა. სწორედ ამ თანმიმდევრობით გადაკვეთეს მათ ფინიშის ხაზი და „მერსედესს“ მორიგი დუბლი და კონსტრუქტორთა თასზე ნაადრევი გამარჯვება მოუტანეს.

ბოლო წრეებზე ბრძოლა მესამე ადგილისთვის გაიმარა, რომელიც დანიელ რიკარდომ მოიგო და ბოლოს სამ რბოლაში მეორედ ავიდა პოდიუმზე.

საერთო ჩათვლაში ლუის ჰემილტონის უპირატესობა გაიზარდა – სხვაობა 85 ქულას შეადგენს.

ორი კვირის შემდეგ, ჩემპიონატი თურქეთის გრანპრით განახლდება.