მაქს ფერსტაპენმა სეზონში მეშვიდე რბოლა მოიგო #1TVSPORT
მაქს ფერსტაპენმა სეზონში მეშვიდე რბოლა მოიგო #1TVSPORT

„რედ ბულის“ პილოტმა მაქს ფერსტაპენმა ნიდერლანდების გრანპრი მოიგო და დაიბრუნა ლიდერობა ჩემპიონატში.

„ზანდვორტის“ ვიწრო ტრასაზე გამართულ რბოლაში გასწრებების მცირე რაოდენობა იყო, მაგრამ ნიდერლანდული ეტაპი სულაც არ ყოფილა მოსაწყენი. ფერსტაპენმა საშინაო ეტაპზე პოულიდან აიღო სტარტი და მთელი დისტანცია ლიდერობდა. მაგრამ მის უკან ლუის ჰემილტონი ნიდერლანდელს კვალში ედგა და რბოლის ორი მესამედი მხოლოდ ორ-სამ წამს აგებდა ლიდერთან, ფინიშამდე 20 წრით ადრე კი ნიდერლანდელთან მიახლოებაც დაიწყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც სხვაობა ერთი წამი გახდა, ბრიტანელის ბოლიდზე საბურავების რესურსი ამოიწურა და გამარჯვებისთვის ბრძოლა დასრულდა.

ფინიშთან ახლოს, ფერსტაპენი ოთხი წამით დაცილდა „მერსედესის“ პილოტს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რომელიც მე-17 იყო მის კარიერაში და მეშვიდე ჩემპიონატში. ამის წყალობით, მაქსი საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე დაბრუნდა და ახლა, ჰემილტონს სამი ქულით უსწრებს.

მესამე მივიდა ფინიშთან ვალტერი ბოტასი – ეს მისი პირველი პოდიუმი იყო ბოლო სამ რბოლაში. ამით ფინელმა დაიბრუნა საერთო ჩათვლაში მესამე ადგილი.

უკვე მომდევნო კვირას, ბრძოლა მონცაში გაგრძელდება.