ლუის ჰემილტონმა შუმახერის ლეგენდარული რეკორდი გაიმეორა
ლუის ჰემილტონმა შუმახერის ლეგენდარული რეკორდი გაიმეორა

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა დომინანტურ სტილში მოიგო აიფელის გრანპრი და კარიერაში 91-ე გამარჯვება მოიპოვა – ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა ლეგენდარულ მიხაელ შუმახერს და მასთან პირველ ადგილს იყოფს. რბოლის შემდეგ, ლუისს მამის ჩაფხუტი აჩუქა მიხაელის ვაჟმა მიკ შუმახერმა.

პოულის მფლობელი ლუისის თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი იყო და ჰემილტონმა ვერ შეძლო სტარტზე მისი გასწრება – ფინელმა ხისტად მოიგერია ბრიტანელის შეტევა პირველ მოსახვევში. მაგრამ ბოტასის ლიდერობა დიდი ხანი არ გაგრძელებულა: თავიდან მან შეცდომა დაუშვა და პირველი ადგილი დაკარგა, მე-18 წრეზე კი მანქანის დაზიანების გამო დატოვა რბოლა. ჰემილტონი ლიდერი გახდა და აკონტროლებდა სიტუაციას რბოლის მთელი დარჩენილი ნაწილი.

მაგრამ ფინიშამდე 15 წრით ადრე, „მერსედესის“ უპირატესობისგან არაფერი დარჩა, რადგან ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა – მიზეზი ლანდო ნორისის მანქანის გაჩერება იყო. თუმცა რესტარტზე ჰემილტონმა ძალიან იოლად შეინარჩუნა ლიდერობა და დარჩენილი 10 წრის განმავლობაში სამი წამით გაზარდა უპირატესობა მაქს ფერსტაპენთან. სეზონში მერვე რბოლის მოგების შემდეგ, ჰემილტონმა 66 ქულით გაუსწრო გენერალურ კლასიფიკაციაში ვალტერი ბოტასს.

ბოლო წრეებზე მთავარი ყურადღება მიპყრობილი იყო მესამე ადგილისთვის ბრძოლაზე დანიელ რიკარდოსა და სერხიო პერესს შორის. ავსტრალიელი მთელი რბოლა მექსიკელის წინ იყო, მაგრამ უსაფრთხოების მანქანის ტრასაზე გამოსვლის გამო, მისი 10-წამიანი უპირატესობა გაქრა. ბოლო 10 წრე მასსა და პერესს შორის სხვაობა წამი-წამნახევარი იყო, მაგრამ ბრძოლა მაინც არ შედგა და რიკარდომ „რენოს“ რიგებში თავისი პირველი პოდიუმი მოიპოვა. მას ბოლო პოდიუმი 2018 წლის მაისში ჰქონდა, როცა „რედ ბულის“ მანქანით მონაკოს გრანპრი მოიგო.

ორი კვირის შემდეგ, ბრძოლა პორტუგალიის გრანპრით განახლდება.