ლუის ჰემილტონმა ბელგიის გრანპრი მოიგო - შუმახერის რეკორდამდე ორი გამარჯვება დარჩა
ლუის ჰემილტონმა ბელგიის გრანპრი მოიგო - შუმახერის რეკორდამდე ორი გამარჯვება დარჩა

ბელგიაში ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი გაიმართა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონობისკენ „მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰემილტონმა. ბრიტანელმა სეზონში მეხუთე და კარიერაში 89-ე გამარჯვება მოიპოვა. მას ორი მოგება სჭირდება მიხაელ შუმახერის რეკორდამდე.

შაბათს, ჰემილტონმა საკვალიფიკაციო რბოლაში ყველა მეტოქეს ნახევარ წამზე მეტი მოუგო და კვირას გააგრძელა დომინირება. სტარტზე და მე-14 წრეზე რესტარტისას, ბრიტანელმა შანსი არ დაუტოვა თანაგუნდელ ვალტერი ბოტასს და ორივეჯერ ძალიან იოლად დაშორდა მას. ჰემილტონს მხოლოდ რაიმე გაუთვალისწინებელი ფაქტორი თუ შეუშლიდა ხელს, მაგრამ მთელი დისტანცია ის მშვიდად გრძნობდა თავს. ფინიშისთვის ლუისი ბოტასს რვა წამით უსწრებდა.

თავად ბოტასსაც არ ჰქონია სერიოზული წინააღმდეგობა მაქს ფერსტაპენისგან და „რედ ბულის“ პილოტს შვიდი წამო მოუგო. მიუხედავად ამისა, საერთო ჩათვლაში ფინელი ნიდერლანდელთან სამ ქულას აგებს. თავის მხრივ, ჰემილტონის უპირატესობა ფერსტაპენზე 47 ქულამდე გაიზარდა.

ჩემპიონატი მომდევნო კვირას მონცას ავტოდრომზე იტალიის გრანპრით გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი