ლუის ჰემილტონმა პორტუგალიის გრანპრი მოიგო და მიხაელ შუმახერის რეკორდი დაამხო (ვიდეო)
ლუის ჰემილტონმა პორტუგალიის გრანპრი მოიგო და მიხაელ შუმახერის რეკორდი დაამხო (ვიდეო)

მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა დამაჯერებელ სტილში მოიგო პორტუგალიის გრანპრი, რითაც სეზონში მერვე და კარიერაში 92-ე გამარჯვება მოიპოვა. მოგებების რაოდენობით, ბრიტანელი სუფთა პირველ ადგილზე გადავიდა ფორმულა 1-ის ისტორიაში.

მცირე წვიმის გამო, რბოლის დასაწყისი ქაოტური გამოვიდა და პოულის მფლობელი ჰემილტონი მესამე ადგილზე აღმოჩნდა, პირველ ადგილზე კი, მოულოდნელად, კარლოს საინსი გადავიდა. თუმცა, ამის შემდეგ, სიტუაცია ტრასაზე სტაბილური გახდა. საინსმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო პოზიციის დაკარგვა და ლიდერი ვალტერი ბოტასი გახდა. ფინელი პირველ ადგილს მე-20 წრემდე ინარჩუნებდა, თუმცა, მას ჰემილტონი დაეწია და სწორ მონაკვეთზე უპრობლემოდ გაუსწრო თანაგუნდელს. ამით ლიდერობისთვის ბრძოლა დასრულებული იყო. ყოველ მომდევნო წრეზე ჰემილტონი ზრდიდა უპირატესობას, რომელმაც ფინიშთან 25 წამი შეადგინა.

კარიერაში 92-ე გამარჯვებით, ჰემილტონმა დაამხო მიხაელ შუმახერის რეკორდი, რომელიც 14 წელი იყო ძალაში. ახლა, „მერსედესის“ ბრიტანელი პილოტი პირველია მოგებების რაოდენობით ფორმულა 1-ის ისტორიაში.

ბოტასმა მეორემ გადაკვეთა ფინიშის ხაზი და საერთო ჩათვლაში კიდევ უფრო ჩამორჩა ჰემილტონს. ლუისი 77-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს ჩემპიონატს და უახლოვდება კარიერაში მეშვიდე ჩემპიონობას.

პოდიუმის მესამე საფეხური მაქს ფერსტაპენმა მოიპოვა, რომლის შემდეგაც, ქულათა ზონაში ასევე შევიდნენ – შარლ ლეკლერი, პიერ გასლი, კარლოს საინსი, სერხიო პერესი, ესტებან ოკონი, დანიელ რიკარდო და სებასტიან ფეტელი.

ფორმულა 1 ერთ კვირაში „იმოლაზე“ დაბრუნდება, სადაც გაიმართება ემილი-რომანის გრანპრი.

დატოვე კომენტარი