ფორმულა 1-ის სეზონი მაქს ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა
ფორმულა 1-ის სეზონი მაქს ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა

„რედ ბულის“ პილოტმა მაქს ფერსტაპენმა სეზონში მეორე და კარიერაში მეათე გამარჯვება მოიპოვა მას შემდეგ, რაც პირველი მივიდა ფინიშზე 2020 წლის ჩემპიონატის დასკვნით რბოლაში.

ნიდერლანდელმა პილოტმა პოულიდან აიღო სტარტი და მთელი დისტანციის განმავლობაში ლიდერობდა, თანაც ძალიან დამაჯერებლად. უკვე რბოლის შუა ნაწილისთვის ის 6.5 წამით დაშორდა უახლოეს მდევარს და ერთადერთი საგანგაშო მომენტი მისთვის საბურავების მდგომარეობა იყო. ფერსტაპენი, ისევე, როგორც მისი მთავარი კონკურენტები – ვალტერი ბოტასი და ლუის ჰემილტონი ძალიან მალე – მე-11 წრეზე გადავიდნენ „ჰარდის“ საბურავებზე. მაქსი აშკარად ნერვიულობდა, რაც ჩანდა გუნდთან მისი რადიომოლაპარაკებების დროს, მაგრამ საბურავებმა გაძლეს და ფერსტაპენმა 16-წამიანი უპირატესობით გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

ბრძოლა არც მეორე პოზიციისთვის ყოფილა. ბოლო წრეებზე ჰემილტონმა დაიწყო ბოტასის დაწევა, მაგრამ შემდეგ ისევ ჩამორჩა და „მერსედესის“ პილოტებმა სწორედ ასეთი თანმიმდევრობით დაასრულეს რბოლა.

ფინიშამდე 20 პილოტიდან 19 მივიდა. ერთადერთი, ვინც რბოლას გამოეთიშა, სერხიო პერესი იყო, მაგრამ მან შეინარჩუნა მეოთხე ადგილი პირად ჩათვლაში. სამაგიეროდ, მექსიკელის გუნდმა „რეისინგ პოინტმა“ მესამე ადგილი დაკარგა კონსტრუქტორთა თასის ჩათვლაში – მას „მაკლარენმა“ გაუსწრო. ამ უკანასკნელმა 2012 წლის შემდეგ პირველად დაასრულა ჩემპიონატი პირველ სამეულში.

2020 წლის სეზონი დასრულდა, ახალი ჩემპიონატი კი 99 დღეში ავსტრალიის გრანპრით გაიხსნება. შეგახსენებთ 2021 წლის სეზონის კალენდარს:

21 მარტი – ავსტრალია (მელბურნი)

28 მარტი – ბაჰრეინი (საჰირი)

11 აპრილი – ჩინეთი (შანხაი)

25 აპრილი – ქვეყანა ზუსტდება

9 მაისი – ესპანეთი (ბარსელონა)

23 მაისი – მონტე კარლო (მონაკო)

6 ივნისი – აზერბაიჯანი (ბაქო)

13 ივნისი – კანადა (მონრეალი)

27 ივნისი – საფრანგეთი (ლე-კასტელი)

4 ივლისი – ავსტრია (შპილბერგი)

18 ივლისი – ბრიტანეთი (სილვერსტოუნი)

1 აგვისტო – უნგრეთი (ბუდაპეშტი).

29 აგვისტო – ბელგია (სპა)

5 სექტემბერი – ნიდერლანდები (ზანდვორტი)

12 სექტემბერი – იტალია (მონცა)

26 სექტემბერი – რუსეთი (სოჭი)

3 ოქტომბერი – სინგაპური (სინგაპური)

10 ოქტომბერი – იაპონია (სუზუკა)

24 ოქტომბერი – აშშ (ოსტინი)

31 ოქტომბერი – მექსიკა (მეხიკო)

14 ნოემბერი – ბრაზილია (სან პაულუ)

28 ნოემბერი – ს. არაბეთი (ჯიდა)

5 დეკემბერი – აბუ დაბი (აბუ დაბი)

დატოვე კომენტარი