წლის ავარია ბაჰრეინში - ფრანგი პილოტი 32 წამი ცეცხლიდან ვერ ამოყავდათ (ვიდეო)
წლის ავარია ბაჰრეინში - ფრანგი პილოტი 32 წამი ცეცხლიდან ვერ ამოყავდათ (ვიდეო)

„მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰემილტონმა დამაჯერებლად მოიგო ბაჰრეინის ღამის გრანპრი, რომელიც კინაღამ ტრაგედიით დასრულდა რომენ გროსჟანის პირველ წრეზე ავარიის გამო.

სტარტზე პოულის მფლობელმა ჰემილტონმა შეინარჩუნა ლიდერობა, იმ დროს, როცა „მერსედესის“ მეორე პილოტმა ვალტერი ბოტასმა ჩააგდო პირველი მეტრები და მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდა. მაგრამ სასტარტო წრეზე მთავარი მოვლენები ფავორიტთა უკან ვითარდებოდა: დანიილ კვიატსა და გროსჟანს შორის კონტაქტი მოხდა და ფრანგის „ჰაასი“ ბარიერს შეეჯახა. დარტყმისგან ავტომობილი ორ ნაწილად გაიხლიჩა და აალდა. გროსჟანმა ცეცხლში 30 წამზე მეტი გაატარა, მაგრამ შეძლო ბოლიდიდან ამოსვლა.

რბოლის მომსახურე პერსონალს საათზე მეტი დასჭირდა დაზიანებული ბარიერის აღსადგენად. რესტარტის შემდეგ, მრბოლელებმა სრული წრის გავლაც კი ვერ შეძლეს – ამჯერად, კვიატმა ჰაერში გაუშვა ლენს სტროლი, რომლის მანქანა მერვე მოსახვევში ამოტრიალდა. ამჯერად, რუსმა ამ ინციდენტისთვის 10-წამიანი ჯარიმა მიიღო.

მეორე რესტარტისას, ჰემილტონმა დაკარგა მთავარი მეტოქე ბოტასის სახით, რადგან ფინელის ბოლიდზე საბურავი გამოვიდა მწყობრიდან და ვალტერი პელოტონის ბოლოში მოექცა. ლუისი წარმატებით აყოვნებდა მაქს ფერსტაპენს და მასთან სხვაობის გაზრდა დაიწყო, რითაც გამარჯვებისთვის ბრძოლა, პრაქტიკულად, დასრულებული იყო. ჰემილტონმა სეზონში მე-11 და კარიერაში 95-ე რბოლა მოიგო.

მეორე-მესამე ადგილები „რედ ბულის“ პილოტებმა – ფერსტაპენმა და ალექს ალბონმა მოიპოვეს. ეს უკანასკნელი კარიერაში პირველად მოხვდა პოდუმზე.

შემდეგ კვირას ჩემპიონატი ისევ ბაჰრეინში განახლდება – ოღონდ უფრო მოკლე და სწრაფ ტრასაზე.

https://www.instagram.com/p/CIL7n1MgY6g/?utm_source=ig_web_copy_link