იაპონიის ეკონომიკის მინისტრი დელიკატესად აღიარებული საკვები პროდუქტის ამომრჩევლებისთვის გადაცემის გამო თანამდებობიდან გადადგა
იაპონიის ეკონომიკის მინისტრი ამომრჩევლებისთვის დელიკატესად აღიარებული საკვები პროდუქტის გადაცემის გამო თანამდებობიდან გადადგა.
ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პოლიტიკოსის გარშემო სკანდალი ცოტა ხნის წინ აგორდა, როდესაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა გამოცემამ შაკუნ ბუნშუნის საარჩევნო შტაბი ამომრჩევლების მოსყიდვის მცდელობაში დაადანაშაულა.
როგორც ცნობილია, 2007 წელს წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკოსის საარჩევნო შტაბი მათ რაიონში მცხოვრებ ამომრჩევლებს იაპონიაში დელიკატესად აღიარებულ საკვებ პროდუქტს ურიგებდა. მათ შორის კი იყო ნესვი, ფორთოხალი და კრაბი. ამასთან ერთად, ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკოსის მოადგილემ ერთ-ერთი ამომრჩევლის დაკრძალვის ცერემონიაზე მისი ოჯახის წევრებს კონვერტით 20 ათასი იაპონური იენის (185 დოლარი) ოდენობის თანხა გადასცა.
ეკონომიკის მინისტრის გარშემო აგორებულ სკანდალთან დაკავშირებითი იაპონიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე შაკუნ ბუნშუნის დანიშვნაზე თავად არის პასუხისმგებელი. სინძო აბემ იაპონელ ხალხს ბოდიში მოუხადა.