იან კელი - რუსეთმა კარგად უნდა გაიგოს, რომ სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა არ შეიძლება
რუსეთმა თავისი ქმედებებისთვის საკადრისი საფასური უნდა მიიღოს, – ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი კონგრესის გადაწყვეტილებას რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით.
როგორც იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის კონგრესის სიგნალი, რომ რუსეთმა კარგად გაიგოს, არ შეიძლება დემოკრატიულ პროცესებში ჩარევა და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა.
„კონგრესის ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ რუსეთმა თავისი ქმედებებისთვის საკადრისი საფასური მიიღოს. ეს შეეხება უკრაინაში მათ ჩარევას და უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფას. ასევე რუსეთის ფედერაციის ჩარევას ამერიკის დემოკრატიულ პროცესებში, კერძოდ, არჩევნებში. შესაბამისად, ეს ამ საკითხებთან დაკავშირებით კონგრესის სიგნალი და პასუხია, რომ რუსეთის ფედერაციამ კარგად გაიგოს, არ შეიძლება და არ უნდა ჩაერიოს დემოკრატიულ პროცესებში და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტი არ უნდა ხელყოს. რაც შეეხება მა საკითხის დეტალებს, ეს მეც გუშინ ვნახე და დეტალებზე მოგვიანებით შემიძლია ვისაუბრო”, – განაცხადა იან კელიმ.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსი პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების „შავი სია“ გამოაქვეყნა. ნუსხაში ის პირებია ჩამოთვლილი, რომელთა წინააღმდეგაც, შესაძლოა, სანქციები დაწესდეს. სიაში სულ 210 პირია, მათ შორის 114 რუსი პოლიტიკოსი და 96 ბიზნესმენი მოხვდა.