იან კელი - ნება მიბოძეთ ვთქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ არ ვიცი, როდის
საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ „ფეისბუქ“ კონფერენციისას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე დასმულ შეკითხვას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის სიტყვებით უპასუხა – „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში და ვიქნებით თქვენს გვერდით, სანამ ეს არ მოხდება“.
ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, 20 წელიწადში საქართველო გახდა დამოუკიდებელი და ქვეყანა გახდება ნატო-ს წევრი.
„მე ვიცხოვრე ორჯერ საბჭოთა კავშირში და მაშინ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ბერლინის კედელი დაეცემოდა; 1976 წელს, როდესაც პირველად ჩამოვედი აქ, ვინმეს რომ ეკითხა, რა დრო დასჭირდება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ეჭვის თვალით შევხედავდი. ჩვენ ვხედავთ, რომ 20 წელიწადში საქართველო გახდა დამოუკიდებელი“, – განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, საქართველომ უნდა განაგრძოს განვითარება.
„ნება მიბოძეთ ვთქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ არ ვიცი, როდის. ჩემი აზრით მთავარია, რომ საქართველომ გააგრძელოს განვითარება. მე გავიმეორებდი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის სიტყვებს „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში და ვიქნებით თქვენს გვერდით, სანამ ეს არ მოხდება.“, – აღნიშნა ელჩმა.