იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში განაცხადების მიღება დასრულდა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით გამოცხადებულ კონკურსში „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია“ განაცხადების მიღება დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემოქმედებით საქართველოს კონკურსის ფარგლებში 37-მა განმცხადებელმა (ავტორებმა და გამომცემლობებმა) მიმართა.
„საკონკურსო კომისია საპროექტო განაცხადებს განიხილავს და კონკურსანტთა დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს საპროექტო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს 30 სამუშაო დღის ვადაში. კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება კი მიმდინარე წლის 19 დეკემბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში გაიმართება. ღონისძიების რეჟისორია ნიკოლოზ საბაშვილი, ხოლო მუსიკალურად საღამოს გააფორმებს თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით.
შეგახსენებთ, იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი 7 ოქტომბერს გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს) და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, გარდა ნომინაციისა „საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისთვის“, სადაც განაცხადის წარმოდგენის უფლება ჰქონდათ მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს).
თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა შეადგენს 5 000 ლარს (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გათვალისწინებით)“,- აღნიშნულია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციაში.