იაკობ ედილაშვილი - სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია მეტ-ნაკლებად უზურუნველყოფილია, თუმცა ამისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო
სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია მეტ-ნკლებად უზურუნველყოფილია, თუმცა ამისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო, როგორც ბიზნესის, ისე შესაბამისი ზედამხედველობის სამსახურებისა და მთავრობის მხრიდან, – ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „ევროინსის“ გენერალურმა დირექტორმა, იაკობ ედილაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.
გადაცემაში სადაზღვევო სექტორში არსებული კონკურენცია განიხილეს. აქცენტი ბანკებისგან სადაზღვევო აქტივების გამიჯვნაზე გაკეთდა, რის დარეგულირებასაც სადაზღვევო კომაპნიების ნაწილი საკანონმდებლო დონეზე ითხოვს.
„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია მეტ-ნკლებად უზურუნველყოფილია, თუმცა ამისთვის ბევრი მუშაობა ჭირდება, როგორც ბიზნესს, ისე შესაბამის ზედამხედველობის სამსახურებს და მთავრობას, ყველას ერთად. ეს საკითხი ძალიან ბევრი ინდიკატორისაგან შედგება და ეს არ არის ცალკე ბიზნესის, მთავრობის ან ზედახედევლობის გასაკეთებელი. ეს არის ერთიანი პირამიდა და ქვაკუთხედი. აღნიშნული მიმართულებით ნაბიჯები იდგმება, თუმცა ამას დრო სჭირდება“, – განმარტა ედილაშვილმა.
მან დადებითად შეაფასა საბანკო და სადაზღვევო აქტივების გამიჯვნის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირების ინიციატივა. ედილაშვილი დარწმუნებულია, რომ ბანკებისგან განცალკელვება მათთან დაკავშირებულ კომპანიებსაც წაადგება.
„მივესალმებით ამ გადაწყევტილებას, რადგან ჩვენს გარდა, კიდევ არის რამდენიმე კომპანია, რომლებიც არასახარბიელო მდგომარეობაში ვვარდებით. ბანკებისგან სადაზღვევო კომპანიების გამიჯვნა იქნება სტიმული. დარწმუნებული ვარ, ზუსტად ეს იქნება ჯანსაღი კონკურენცია იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც ბანკებთან ასოცირდებიან. როდესაც ისინი ბანკების გარეშე დარჩებიან, ექნებათ საშუალება, ახალი ნიშა მოძებნონ, თამაშის ახალ წესებზე გადაერთონ და უფრო კონკურენტუნარიანი გახდნენ“, – განაცხადა ედილაშვილმა.
სადაზღვევო კომპანიის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ არაპროფილური აქტივების პრობლემა მხოლოდ სადაზღვევო სექტორში არ დგას და ის ეკონომიკის სხვა სფეროებსაც აწუხებს, მაგალითად, სააფთიაქო ქსელები, ასევე სხვა სახის მომსახურება.
„მცირე კომპანიები ცოტა კუთხეში არიან მიმწყვდეული და თუ საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება ეს ყველაფერი, ამ ინიციატივას მხოლოდ მივესალმებით“, – განაცხადა იაკობ ედილაშვილმა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას.