იაგო ხვიჩია - მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ დისკუსიაში და ვეცადოთ, პრეზიდენტის შემოთავაზებული დოკუმენტი უკეთესი გახდეს, ამ ეტაპზე ჩვენი ხელმოწერა არ ექნება
იაგო ხვიჩია - მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ დისკუსიაში და ვეცადოთ, პრეზიდენტის შემოთავაზებული დოკუმენტი უკეთესი გახდეს, ამ ეტაპზე ჩვენი ხელმოწერა არ ექნება

მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ დისკუსიაში და ვეცადოთ, პრეზიდენტის შემოთავაზებული დოკუმენტი უკეთესი გახდეს, ამ ეტაპზე დოკუმენტს ჩვენი ხელმოწერა არ ექნება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, დოკუმენტი მოიცავს ისეთ საკითხებსაც, რომლებიც „გირჩის“ პოზიციას ეწინააღმდეგება.

„სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას მივესალმებით. მიგვაჩნია, რომ ძალიან კარგი საქმეა ოპოზიციის ან მათი ნაწილის რამენაირად ერთმანეთთან ისე დალაგება, რომ ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს. ამიტომ ვგულშემატკივრობთ და მოვუწოდებთ კოლეგებს, შეუერთდნენ ამ ინიციატივას. რაც შეეხება ჩვენს შეერთებას, ჩვენ მთელ ამ პროცესში არც ვმონაწილეობდით და, ფაქტობრივად, გუშინ ვნახეთ ბოლო დოკუმენტი, რაც არის. ამიტომ ვთავაზობთ, გნებავთ, ხელმომწერებს, გნებავთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, დავიწყოთ დისკუსიები ამ დოკუმენტთან დაკავშირებით. არის პუნქტები, რომლებიც ჩვენთვის მისაღებია, მოგვწონს და პრობლემა არ გვაქვს. არის პუნქტები, სადაც შეკითხვები გვაქვს და დავსვამთ. აქედან გამომდინარე, ცხადია, ჩვენი ხელმოწერა ამ დოკუმენტს არ ექნება, მაგრამ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერ დისკუსიაში და ვეცადოთ, ეს დოკუმენტი უკეთესი გახდეს. ჩვენი მოსაზრებები შესაბამისობაში თუ იქნება სხვების ან პრეზიდენტის მოსაზრებებთან, ამ დოკუმენტზე არც ხელმოწერის გვეშინია და არც ხელის არმოწერის.

20 პუნქტიდან რომელია მისაღები და რომელი – მიუღებელი, ამის ჩამოსათვლელად ალბათ სწორი ფორმატი არ არის. მაგალითად, სწორია საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებული ფორმატები, ხელისუფლების შტოთა ბალანსისთვის გამოყენებული პუნქტები. ამ თვალსაზრისით წინსვლაა, მაგრამ ასევე არსებობს ბუნდოვანება და საკითხები, რომლებიც „გირჩის“ პოზიციას  ეწინააღმდეგება.

ნებისმიერ ადამიანს რამე კონტრაქტზე ხელმოწერას როცა სთხოვენ, უფლება აქვს, გაეცნოს, გამოთქვას შენიშვნები და ამ პუნქტებთან დაკავშირებით არგუმენტები მოისმინოს. მზად ვართ, ყველაფერში მივიღოთ მონაწილეობა, გავაკრიტიკოთ ან შევაქოთ თითოეული პუნქტი, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მივესალმებით საქმეს, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს ეხმარება გაერთიანებაში და მათი ხმები ნაკლებად დაიკარგება. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი „გირჩის“ იმ გეგმისკენ, რომლის მიხედვითაც, არსებობს სამი პოლიტიკური ძალა და საარჩევნო ბიულეტენი უნდა იყოს სწორედ ამ სამი ძალისგან შემდგარი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, როგორ აფასებთ პრეზიდენტის მიერ დროებითი მთავრობის წარდგენას, ხომ არ არის პრობლემური საპარლამენტო რესპუბლიკაში, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა:

„ეგ ბუნდოვანებას არ იწვევს და ყველაზე ცხადი პუნქტია. მეორე საკითხია, ვეთანხმებით თუ არა ასეთ პუნქტებს. ისევე როგორც, მაგალითად, ვეთანხმებით თუ არა, რომ ასე იდეალურად თუ მუშაობს კოალიციური მთავრობა, რატომ უნდა გადავირჩიოთ და სრული ვადით რატომ არ ვირჩევთ? ბევრი კითხვა არსებობს, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, სწორია, რომ საუბარი იწყება შეთანხმებაზე, არჩევნების შემდეგ როგორ მოვიქცევით. დიდი ხანია, ვამბობთ, ყველა პოლიტიკურმა ძალამ თქვას, რა უნდა არჩევნების შემდეგ. აქ ითქვა, პრეზიდენტს რა უნდა, მაგრამ ბევრი პუნქტია ისეთი, რომელსაც დაზუსტება სჭირდება, შემდეგ რომ არ იყოს გაურკვევლობა, რა რას ნიშნავს. არის შეფასებითი კატეგორიები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას. ეს ყველაფერი გასავლელი, გასარკვევია“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბერს დროებითი პარლამენტის არჩევისა და მთავრობის ახალი მოდელის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისგან არ იქნება დაკომპლექტებული. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერა შესთავაზა.