იაგო ხვიჩია - მგონია, რომ ადამიანს აქვს სამი უფლება - სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება, რომლებიც ჩვენ უნდა დავიცვათ
იაგო ხვიჩია - მგონია, რომ ადამიანს აქვს სამი უფლება - სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება, რომლებიც ჩვენ უნდა დავიცვათ

მგონია, რომ ადამიანს აქვს სამი უფლება – სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება, რომლებიც ჩვენ უნდა დავიცვათ, – ამის შესახებ სახლხო დამცველობის კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ცხადია, ადამიანს უნდა ჰქონდეს სიცოცხლის უფლება. თუ ადამიანია და რამე უფლება აქვს, მთავარია, იყოს ცოცხალი. თუ იქნება ცოცხალი, ის ცოცხალი ვერ გადარჩება, თუ მონაა. იმიტომ, რომ მონის უფლებების დაცვა უბრალოდ სისულელეა. შეუძლებელია, მონა არ მოკვდესო, თქვა, ბევრს ნუ ამუშავებო და ა.შ. ამიტომ, საჭიროა, ადამიანი იყოს თავისუფალი და იმისთვის, რომ ადამიანი თავისუფალი იყოს და არავის მონა არ იყოს, მას უნდა ჰქონდეს საკუთრება. საკუთრების უფლება არის გარანტი სინამდვილეში იმის, რომ ადამიანი იყოს თავისუფალი და იყოს ცოცხალი. ეს ყველაფერი ადამიანს სჭირდება იმისთვის, რომ ესწრაფოდეს ბედნიერებას“, – განაცხადა ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიამ არასრულწლოვანთა შრომასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მოგონილი საკითხია.

„მშობლები და შვილები მუდამ ერთად შრომობდნენ, კაცობრიობა ასე გაიზარდა, ზოგადად. ბავშვები შრომის დროს სწავლობენ და მშობლები შვილებს შრომით ასწავლიან. მე ასე მასწავლიდნენ ჩემი მშობლები. ზოგადად, მშობლები არიან შვილების წარმომადგენლები, სამყაროში ყველაზე მეტად არიან მოწადინებული იმისთვის, რომ შვილისთვის უკეთესი გააკეთონ. შეიძლება, ეს სხვადასხვანაირად გვესმოდეს, ჩვენი შვილისთვის რა არის უკეთესი, მაგრამ ზოგადად, თუ შეიძლება, ვინმე ყველაზე მეტად ღელავდეს, ეს მშობელია. შესაბამისად, მშობლის თანხმობით ბავშვი რომ მუშაობდეს და ეს მართლა, რომ ავკრძალოთ, მშობლის თანხმობით ბავშვის მუშაობა, ჩემი აზრით, კატასტროფას მივიღებთ. ზოგადად, ასე საზოგადოება არ ფუნქციონირებს. ასეთი ტიპის რაღაც დათქმები საწინააღმდეგოა თვითონ ადამიანის და ცივილიზაციის ისტორიის“, – განაცხადა ხვიჩიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გვაქვს თუ არა პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ, რომლის ნაწილიც ვართ და უნდა გვქონდეს თუ არა გარკვეული სოლიდარობის განცდა ერთმანეთის მიმართ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ თავისუფალი საზოგადოება სავსეა პასუხისმგებლობებით და ვალდებულებებით, ხოლო რაც შეეხება სოლიდარობას, ეს არ შეიძლება, იყოს ადამიანის უფლება, რომ ის გრძნობდეს ამ სოლიდარობას ვინმესგან.

„საზოგადოება ბუნებრივად არის სოლიდარული, მაგრამ კანონით უნდა მქონდეს თუ არა ვალდებულება, რომ ვიყო ვინმეს მიმართ სოლიდარული, სისულელეა და ამას არანაირი შინაარსი არ გააჩნია. კანონით ვერ დამავალდებულებ, ვიყო რამის მიმართ სოლიდარული. შეიძლება, ეს აღზრდით დამავალდებულო. შეიძლება, ჩვენი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს ისე, რომ ერთმანეთის მიმართ სულ ვიყოთ სოლიდარული, მაგრამ აბსტრაქტულად, ის, რომ ნებისმიერი მოქალაქე ნებისმიერი მოქალაქის მიმართ იყოს სოლიდარული და ეს კანონით იყოს უზრუნველყოფილი, ასე არ ხდება. ჩემი უფლებაა, გავცე მოწყალება იმაზე, ვისაც ეს სჭირდება, მაგრამ იმის უფლება ვერ იქნება, ჩემგან მიიღოს მოწყალება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიამ გადაცემაში სახალხო დამცველის როლთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგადად, ომბუდსმენის ვალდებულება არის ადამიანის უფლებებზე იზრუნოს.

„სახალხო დამცველი უნდა ასოცირდებოდეს ამასთან – ვიღაც გაუშვით, თავი დაანებეთ, ნუ დასდევთ, თუ შემდეგთან – ვიღაც დაიჭირეთ და დაიცავით უსაფრთხოება? ეს მეორე საკითხი, ვიღაც დაიჭირეთ და რაღაც ქენით, სახალხო დამცველის საქმე უგამონაკლისეს შემთხვევაში შეიძლება, იყოს, როდესაც ღია მოძალადე, რომელსაც ხელისუფლება ხელს აფარებს, გარეთ დადის. დანარჩენ შემთხვევაში, ზოგადად, სახალხო დამცველის ვალდებულება არის ადამიანის უფლებებზე იზრუნოს. კორონას მკურნალობა სახალხო დამცველის საქმე არ არის, ის ამისთვის არ აურჩევიათ. სახალხო დამცველის საქმე არ არის, პირადი ცხოვრების კადრის დამზადების, ნახვის და სხვისთვის ჩვენების გამო ვიღაცის დაჭერას ითხოვდეს. უამრავი ისეთი საქმეა, რომელიც ჩემი აზრით, არ არის სახალხო დამცველის საქმე, განსაკუთრებით, თუ ის ეხება სახალხო დამცველის მიერ ადამიანის უფლებების შეზღუდვას. უკვე უნდა ხვდებოდე, რომ რაღაც პრობლემასთან გაქვს საქმე, როდესაც იმ ადგილიდან, რასაც სახალხო დამცველი ადგილი ჰქვია, ითხოვ იმავეს, რასაც გენერალური პროკურორი, ან ვიღაც ასეთი მოითხოვდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა არის სიტყვის თავისუფლება და რამდენად აბსოლუტურია ის, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ სიტყვის თავისუფლება აბსოლუტურია.