იაგო ხვიჩია - მარიხუანას ფესტივალზე ზურაბ ჯაფარიძის დაჭერა ნიშნავს, რომ ის იქიდან პრეზიდენტად გამოვა
ჩვენ უნდა დავიბრუნოთ უფლება, რომელიც ტრადიციულად გვქონდა, ეს არის მარიხუანასთან მეგობრული დამოკიდებულება,-ამის შესახებ „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ „მარიხუანას ლეგალიზების ფესტივალი“ მშვიდობიანად ჩაივლის და სამართალდამცავები და საპატრიარქო ხელს არ შეუშლიან.
„ზოგადად ადამიანებს და მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში მომუშავე ადამიანებს, რომლებმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ დარბევაზე, არ ვუყურებ როგორც არაადეკვატურ ადამიანებს. ეს არის მშვიდობიანი აქცია, რომელიც ფესტივალის სახით არის წარმოდგენილი და უამრავი ტურისტი მიიღებს მონაწილეობას. ვიცით რეალურად რა სიტუაცია გვაქვს. ვიკიპედიაში წერია, რომ საქართველოში მარიხუანას მოხმარება ლეგალურია. ქვეყანაში ტარდება მარიხუანას ფესტივალი. ეს მოვლენა გასცდება საქართველოს ფარგლებს. ყოველდღე არ ტარდება მარიხუანას ფესტივალი სხვადასხვა ქვეყნებში. იქნება უამრავი ტურისტი, რომელიც მოდის მარიხუანას ლეგალიზაციის აღსანიშნავად. მიმაჩნია, რომ სრულიად არაადეკვატური იქნება სპეცრაზმის შევარდნა და ამ ხალხის დაჭერა. ერთ-ერთი არგუმენტია ეს, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამას არ გააკეთებს. მეორე კი ის, რომ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურა ჯაფარიძის დაჭერა ნიშნავს , რომ ის იქედან პრეზიდენტად გამოვა. ამიტომ ასეთი ცუდი წარმოდგენა არ მაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროზე“,-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.