„გირჩის“ ერთ-ერთი წევრი აცხადებს, რომ პოლიცია მათ ერთი წლის განმავლობაში უსმენდა
„გირჩის“ ერთ-ერთი წევრი აცხადებს, რომ პოლიცია მათ ერთი წლის განმავლობაში უსმენდა

„გირჩის“ მიერ ორგანიზებული „მარიხუანას ფესტივალის“ საქმეზე დასრულებული გამოძიების საკითხზე რვა პირი პოლიციის მთავარ სამმართველოში დაიბარეს.

მოძრაობა „გირჩის“ ერთ-ერთი წევრის, ნიკა ობოლაძის განცხადებით, პოლიციის მთავარ სამმართველოში ათამდე პირს გააცნეს ინფორმაცია იმ სატელეფონო მოსმენების შესახებ, რომელიც გასულ წელს „გირჩის“ მიერ ჩატარებული „კანაფის ფესტივალის“ საქმეზე დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. ობოლაძის თქმით, ისინი ძირითადად სწორედ ამ მოსმენების ინფორმირების შესახებ იყვნენ დაბარებულები. მისივე განცხადებით, გაუგებარია, თუ რატომ ხორციელდებოდა მოსმენა ერთი წლის განმავლობაში.

„როგორც ვიცი, ათამდე ადამიანი დაიბარეს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში და მათ შორის მეც. ძირითადი სათქმელი იყო, რომ ერთი წლის წინ რომ რაღაც ფესტივალი დააორგანიზეთ, რომელზეც სასამართლოს გადაწყვეტილებით უკვე აქვს ზურაბ ჯაფარიძეს ადმინისტრაციული სახდელი შეფარდებული, აი სწორედ ამ საქმის ფარგლებში ჩვენ გისმენდით ერთი წლის განმავლობაშიო. ანუ, ამიტომ დამიბარეს, რომ ეთქვათ გისმენდითო. იმ დროს, როდესაც შუა თბილისში ხალხი დაკავებულია ადამიანების დაუთოვებით, პოლიცია მე მისმენს და მანახებს უამრავ გვერდს ამობეჭდილს, სადაც შინაარსი არის, რომ მე ავიტანე დაჭრილი პური სახლში. როგორც გვითხრეს, შეწყდა ეს მოსმენა. ეს მოსმენები გრძელდებოდა და ეხებოდა პირად ცხოვრებას, რატომ გვისმენდნენ, რა კრიმინალი ჩავიდინეთ, ამაზე პასუხი არავის არა აქვს. უბრალოდ გვეუბნებიან, რომ ჩვენ ერთი წლის განმავლობაში გისმენდითო“, – აღნიშნა ნიკა ობოლაძემ.

მოძრაობა „გირჩის“ ორგანიზებით „მარიხუანას ფესტივალი“ გასული წლის ოქტომბერში ჩატარდა.