მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევისთვის დაკავებული რამდენიმე პირი გაათავისუფლეს
მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევისთვის დაკავებული რამდენიმე პირი გაათავისუფლეს

მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის დაკავებული 11 პირიდან რამდენიმე გაათავისუფლეს. ამის შესახებ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიიდან პირველი არხის კორესპონდენტი იტყობინება. გათავისუფლებულთა შორის არიან: იაგო ხვიჩია, ნიკა ობოლაძე, ზურა მეგრელიშვილი, თორნიკე გორგოძე, ტორესა მოსი, ნიკა ქავთარაძე. მათი თქმით, სამართალდამცველებმა ისინი გაჩხრიკეს და კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი აღმოუჩინეს. ჯერჯერობით, შენობაში რჩება პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე.

„გირჩის“ მიერ მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზების და ფესტივალის ფარგლებში მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, ზურაბ ჯაფარიძის მიმართ აუცილებელი გახდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რაც, შეკრებილი ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით, ადგილზე შეუძლებელი იყო. ვინაიდან ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, სამართალდამცველებმა მას საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისღებად პოლიციის განყოფილებაში გაყოლა შესთავაზეს. ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშომლებს ნებაყოფლობით გაჰყვა. ამ ეტაპზე, მისი მონაწილეობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადეს შსს-ში.