სინამდვილეში, ენის პალატა ენის ორ მთავარ ფუნქციას ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„იმ წიგნებში, რომელსაც მე ვკითხულობ, წერია, რომ ენათმეცნიერება ორ მთავარ ფუნდამენტზე დგას. ენა არის კომუნიკაციის საშუალება და ის თვითგამარტივებისკენ მიილტვის. ამ ბუნებრივ პროცესს ხელი არავინ უნდა შეუშალოს. ჩვენ, იურისტებმა ძალიან კარგად ვიცით, სახელმწიფო ორგანოები ენის როგორი დამცველები არიან. ენის მიმართ სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ჩვენ კანონებსა და ნორმატიულ აქტებში ვხედავთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მისი თქმით, ყველა დიდი მწერალი არსებული ენის შეცვლაზე პრეტენზიას ავტომატურად აცხადებს, ხოლო ხალხი, რომელიც სახელმწიფო უწყებების სახით ენაში რაღაც გარკვეული ტიპის წესრიგის შეტანას ცდილობს და ლიტერატურას, როგორც ენის მომწესრიგებელ საშუალებას არ ცნობს, ენას ხელს უშლის.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფომ ენას უკეთ მიხედა, ვიდრე რომელიღაც მწერალმა, რომელმაც ენის ყველა წესრიგი თავიდან ბოლომდე გადაატრიალა?! ასეთია საქართველოში ყველა ის დიდი მწერალი, რომელიც დიდად მიგვაჩნია. დავიწყოთ, ვთქვათ, რუსთაველიდან, რომელმაც სულ სხვა ენა შემოგვთავაზა, ვიდრე მანამდე არსებობდა და ამის შემდეგ, კარგა ხანი, რამდენიმე საუკუნე რუსთაველის ენაზე ვიდექით. მერე მოვიდა სხვა დიდი მწერალი, გურამიშვილი, რომელმაც ეს შეცვალა; მერე მოვიდა ბარათაშვილი, რომელმაც რაღაც შეცვალა და მერე მოვიდა ჭავჭავაძე, რომელმაც, აქ რატომღაც თვლიან, რომ არსებული ენობრივი წესრიგი დაიცვა, არადა, ეს ის კაცია, რომელმაც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქართულ ენას ასოები მოაკლო“, – განაცხადა „გირჩის” წევრმა.
იაგო ხვიჩიას განცხადებას ენის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ღვინჯილია გამოეხმაურა.