ლევან ღვინჯილია - იაგო ხვიჩიას განცხადება წარმოუდგენელი აბდაუბდაა
ლევან ღვინჯილია - იაგო ხვიჩიას განცხადება წარმოუდგენელი აბდაუბდაა

სალიტერატურო ენა და ლიტერატურის ენა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ, – ამის შესახებ ენის პალატის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ღვინჯილიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ის, რაც იაგო ხვიჩიამ გადაცემაში განაცხადა, ბოდიში ამ სიტყვისთვის და, წარმოუდგენელი აბდაუბდაა. მან სალიტერატურო ენა და ლიტერატურის ენა ერთმანეთში აურია. არასოდეს, არც ერთი კანონი მწერლის ენას არ ეხება“, – განაცხადა ღვინჯილიამ.

ენის პალატის ყოფილი თავმჯდომარე „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას იმ მოსაზრებასაც გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო ორგანოები ენას არ იცავენ და მის ბუნებრივ განვითარებას ხელს უშლიან.

„იაგო ხვიჩიას ვეკითხები, თუ იცის ის ამბავი, რაც ენის სახელმწიფო დეპარტამენტის შექმნის თვალსაზრისით მოხდა, როგორ არის გადაწყვეტილი სომხეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, საფრანგეთში და კანადაში?! ამ უკანასკნელში მას ოფიციალურ ენათა უმაღლესი კომისარიატი ჰქვია და როგორ, იქ არავინ არ იცის, რომ ენის მოვლა სახელმწიფო სტრუქტურით არ შეიძლება?! ეს მარტო „გირჩში“ იციან?! მე მისთვის შემთხვევით არ მიკითხავს, გირჩას გირჩი რატომ დაარქვით-მეთქი. აქ მარტო პარტიის სახელწოდების საკითხი კი არ არის?! არ გაქვს უფლება, როცა ენაში შეთანხმებულად მიღებულ სიტყვას ფორმას უცვლი, მაგალითად, არსებობს სიტყვა ბეღურა და შენ ბეღურის არქმევ, რადგან ეს საზოგადო საკუთრებაა. ამიტომ, როცა მსჯელობა მეცნიერულ საკითხებს ეხება, ჭკუა ასეთ ადამიანებს არ უნდა ჰკითხოთ“, – განაცხადა ღვინჯილიამ. 

მისი თქმით, ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისია, რომლის წევრიც ივანე ჯავახიშვილი და ცნობილი ადამიანები იყვნენ, სწორედ არნოლდ ჩიქობავასა და აკაკი შანიძის თაოსნობით შეიქმნა და კომისიის არსებობისა და მისი საქმიანობის საკითხი იაგი ხვიჩიამ არ უნდა გაარჩიოს.

„იმას, რაც ჩიქობავამ პურიზმთან დაკავშირებით თქვა, ხვიჩიას დამოწმება არ სჭირდება, რადგან ჩიქობავამ იცოდა, ეს რა იყო. ასე აგდებულად, რაზეც გინდათ, იმაზე ვიმასხრებთ. თქვენი შეცდომა სწორედ ამაშია. სპეციალისტები უნდა მოიყვანოთ და აზრი პროფესიონალებს ჰკითხოთ. ამ დასაწვავ დაწესებულებაში ორმოცი წელი ვიმუშავე და გადაცემები მიმყავდა, მაგრამ შოუს არ ვდგამდი“, – განაცხადა ლევან ღვინჯილიამ.