იაგო ხვიჩია - ენის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციაა ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვა, რაც არ ვიცი, რას ნიშნავს
იაგო ხვიჩია - ენის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციაა ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვა, რაც არ ვიცი, რას ნიშნავს

ენის სახელმწიფო დეპარტამენტს გაჭირვებული, ღარიბი მოსახლეობისგან ნახევარი მილიონი აქვს ამოსაღები და გეტყვით, ქართველი ერი ნახევარ მილიონად რას ვყიდულობთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ძირითადი ფუნქცია არის ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვა, რაც არ ვიცი, რას ნიშნავს და დარწმუნებული ვარ, ამას ვერც ვერავინ ახსნის; მეორე ფუნქციაა სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია, ჩემს ენას კი არანაირი პოპულარიზაცია არ სჭირდება. თუ ვინმეს ენის პოპულარიზაცია გინდათ, დაწერეთ ისეთი წიგნი, რომელსაც ხალხი წაიკითხავს; მესამე ფუნქცია ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენა–დამკვიდრებაა და არ ვიცი, ეს ნორმები ვინ უნდა დამიდგინოს?!“, – განაცხადა ხვიჩიამ.

როგორც მან აღნიშნა, ენის სახელმწიფო დეპარტამენტს სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის შექმნის ფუნქციაც აქვს, რაშიც წელიწადში 500 000 ლარი იხარჯება. 

„ნორმატიულ აქტში სიტყვა კომისიას ვეძებდი, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ რაღაც კომისიას შექმნიდნენ. აქ წერია, რომ მთავრობას დასამტკიცებლად სალიტერატურო ენის ნორმებისა და ტერმინოლოგიური სტანდარტები უნდა წარუდგინონ. ანუ, ენის სტანდარტებს მთავრობა ამტკიცებს, რაც ალბათ ხვდებით, რა მასშტაბის აბსურდია. შემდეგი ფუნქციაა სახელმწიფო ენის ნორმების დაცვის მუდმივი მონიტორინგი, პრობლემების გამოკვეთა და მათი გამოსწორების გზების დასახვა, სახელმწიფო ენის სწავლების სტანდარტის, პროგრამებისა და სასწავლო რესურსების მუდმივი სრულყოფის ხელშეწყობა და სახელმწიფო ენის საერთაშორისო იმიჯის შენარჩუნება–ამაღლებაზე ზრუნვა. გამაგებინეთ, სადმე მსოფლიოში, სახელმწიფო ბიუროკრატიას ენის იმიჯის დაცვა მწერლებზე და პოეტებზე უკეთესად გამოსვლია?!“, – განაცხადა ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიამ პურიზმთან (ენაში შემოსულ უცხო სიტყვათა უკუგდება და მათი დედაენის ხელოვნურად გაცოცხლებული სიტყვებით შეცვლა) დაკავშირებით ენათმეცნიერ არნოლდ ჩიქობავას მოსაზრებაზეც ისაუბრა.

„ენათმეცნიერი არ ვარ, მაგრამ მოვძებნე ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი ენათმეცნიერის, არნოლდ ჩიქობავას სიტყვა, სადაც ის ამბობს, რომ „პურიზმს სალიტერატურო ენათა ისტორია არ ამართლებს და პურიზმის საჭიროებას ვერც ხალხურობაზე მითითება დაასაბუთებს. საჭირო შემთხვევაში, სიტყვათა სესხება ენის ნორმალურ განვითარებას ეგუება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიას განცხადებას ენის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ღვინჯილია გამოეხმაურა.