იაგო კაჭკაჭიშვილი - მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ბორბალში ჯოხის ფუნქციას ასრულებს
მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ბორბალში ჯოხის ფუნქციას ასრულებს, – ამის შესახებ სოციოლოგმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს ნამდვილად ასეა. არ ვფიქრობ, რომ მისი ექსცენტრულობა ამ ეტაპზე, ახლა ამომრჩეველს უზრდის. პირიქით, ვფიქრობ, ის ამომრჩეველს კარგავს. ცხადია, ძალიან ორთოდოქს ამომრჩეველს ვერ დაკარგავს. იმიტომ, რომ ასეთი ორთოდოქსი ამომრჩევლისთვის მიშა ცალკე ღირებულებაა, რომელსაც არაფერი გადასინჯავს და მისი რევიზია არასოდეს მოხდება, მაგრამ ყველა პოლიტიკური პარტია და მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ამომრჩეველი რაღაც გარკვეული პროცენტით გაიმრავლოს და ახლა, მიხეილ სააკაშვილის საქციელი „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს სულ მცირე, აღმასვლაში არაფრით დაეხმარება“, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ აფასებს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიას, როცა ორივე პარტია აცხადებს, რომ არჩევნებზე დიდ მხარდაჭერას მოიპოვებენ და მომავალ პარლამენტში მთავრობას დამოუკიდებლად შექმნიან, იაგო კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, რომ ეს მათი პიარული სვლაა, რომელიც ახლა, ამ ეტაპზე სრულიად წამგებიანია.
„პიარი, საზოგადოების წინაშე ნებისმიერი თავის მოწონება, ან რეპრეზენტაცია ყოველთვის შეიცავს ასე ვთქვათ, სიცრუის გარკვეულ დოზას, მაგრამ ამ დოზასაც ხომ გააჩნია?! როდესაც ამ პიარში ჩადებ ისეთ ელემენტს, რომელიც ობიექტურ რეალობას პრინციპულად არის აცდენილი, ასეთი მერე არ მუშაობს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ნეგატიურად მუშაობს“, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვა, პრაქტიკულად, ყველა კვლევას არის აცდენილი და ეს მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ბუმერანგივით უბრუნდება.
„ყველა კვლევა ცხადყოფს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 10-დან 16%-ის ფარგლებში მერყეობს და როდესაც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში აუცილებლად უმრავლესობით მოვა, ეს კვლევებს არაფრით შეესაბამება. ეს ისეთი პიარული სვლაა, ისეთი სიცრუით გაჯერებული, რომ ის სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ბუმერანგივით უბრუნდება“, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
როგორც სოციოლოგმა აღნიშნა, იგივეს თქმა შეიძლება „ქართულ ოცნებაზე“.
„ქართული ოცნებას“ ნაცვლად იმისა, თავი მოჰქონდეს იმით, რომ ის მაინც ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ველზე ყველაზე დაწინაურებული პარტიაა, ისიც ასევე 55, 60 ან 60-ზე მეტი პროცენტით აპელირებს. აქაც, სიცრუის დოზა დასაშვებზე მეტია და ესეც არ მუშაობს „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლოდ“, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
იაგო კაჭკაჭიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ამომრჩეველი შეიძლება მდორედ, მაგრამ მაინც აკვირდება პოლიტიკური პარტიების ტრაექტორიას, მათ ლიდერთა რიტორიკას და თუ დიდ გადამლაშებას აქვს ადგილი, რაც სახეზეა, ის ამ პოლიტიკურ ძალებს და ლიდერებს სჯის.