იაგო კაჭკაჭიშვილი - ჟურნალისტებს არ ვავალდებულებ, სოციოლოგიაში პროფესიული ცოდნა ჰქონდეთ, მაგრამ კვლევების გამოქვეყნებამდე, სოციოლოგებისგან პატარა კონსულტაცია უნდა მიიღონ
ჟურნალისტებს არ ვავალდებულებ, რომ სოციოლოგიაში პროფესიული ცოდნა ჰქონდეთ, მაგრამ სოციოლოგიური კვლევების გამოქვეყნებამდე, სოციოლოგებისგან პატარა კონსულტაცია უნდა მიიღონ, – განაცხადა სოციოლოგმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.
„ეს საჭიროა, რადგან შედეგების პრეზენტაცია, ისე, როგორც წარმოებს, დაინტერესებული პროფესიული აუდიტორიისთვის ზოგჯერ ღიმილის მომგვრელია, ზოგჯერ კი სასაცილო, ან გამაღიზიანებელი და აღმაშფოთებელი“, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
მისი თქმით, კვლევის შედეგების სიღრმისეულ ანალიზს არც ერთი მაუწყებელი არ აკეთებს და ტელეეთერებში ძირითადად, მჟღავნდება ხოლმე ტრადიციული შეკითხვა, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ხმას ვის მისცემდით, მაგრამ არასდროს მოუსმენია ამ შეკითხვის გადამამოწმებელი სხვა შეკითხვების შედეგები, რაც მაგალითად, ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის პოლიტიკურ ორიენტაციას მეტ-ნაკლებად ამჟღავნებს.
იაგო კაჭკაჭიშვილმა ასევე განაცხადა, რომ როცა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი ვთქვათ, ბრიფინგზე კვლევის შედეგებს აქვეყნებს, მაუწყებელს არ აქვს პირდაპირი ვალდებულება, რომ ეს გააშუქოს, რადგან რეგულაციის მიხედვით, ეს ვალდებულება მაშინ არსებობს, როცა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის დამკვეთი თავად მაუწყებელია.
მისივე თქმით, როცა საქმე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს ეხება და მთელი სიუჟეტი ამას ეძღვნება, სჯობს, ის პროფესიულ სტანდარტებთან მიახლოებული იყოს.
ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, რას უნდა მიაქციოს ყურადღება ამ სოციოლოგიურ ჯუნგლებში მაყურებელმა, რომ მანიპულაციის მსხვერპლი არ გახდეს და რას ურჩევს სოციოლოგი მაყურებელს, იაგო კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ჩვეულებრივ მაყურებელს გაუჭირდეს, ყურადღება მიაქციოს, კვლევის შედეგები რამდენად კვალიფიციურადაა წარმოდგენილი, ან გადმოცემული, მაგრამ სრულიად საპირისპირო მონაცემების ამ მართლაც უღრან ტყეში, მაყურებელმა მაინც რაღაც ოქროს შუალედი უნდა იპოვოს, სხვადასხვა კვლევების მონაცემები აწონ-დაწონოს, ამა თუ იმ მედია საშუალების პოლიტიკური ანგაჟირებულობის ფაქტორი გაითვალისწინოს და ეს მონაცემები საკუთარ ცნობიერებაში დააბალანსოს, რადგან ადამიანები ვაზროვნებთ და შეგვიძლია, ყველაფერს კრიტიკულად შევხედოთ.