იაგო კაჭკაჭიშვილი - ჩვენთან, გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა ასეთ დიდ რაოდენობას ძირითადად, ავტორიტარული გარემოს მოლოდინი, ან ინერცია კვებავს
ჩვენთან, გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა ასეთ დიდ რაოდენობას ძირითადად, ავტორიტარული გარემო, ავტორიტარული გარემოს მოლოდინი, ან ინერცია კვებავს, – ამის შესახებ სოციოლოგმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„შესაძლოა, ავტორიტარული გარემო არ არის, მაგრამ ადამიანი თავს იზღვევს. ეს საქართველოში ერთგვარი სოციოლოგიური, თუ სოციალური ტრადიციაა. შესაძლოა, მას პირდაპირი მუქარა, ან საფრთხე არც ერთი ინსტიტუციისგან არ ელის, მაგრამ მას ჰგონია და აქვს ნეგატიური მოლოდინი, რომ თუ მან, განსაკუთრებით, ოპოზიციურმა ამომრჩეველმა თავისი არჩევანი გაამჟღავნა, შესაძლოა, ეს ძვირად დაუჯდეს. ადამიანები ამ ინერციით მოდიან და შესაძლოა, სრულიად თავისუფალ გარემოში ეგონოთ, რომ მათ მახეს უგებენ“, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
ამ განცხადებით იაგო კაჭკაჭიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი ოდენობა ქართული ფენომენი, რადგან ეს დიდი ოდენობა 2012 წლის შემდეგ ჩატარებულ ყველა არჩევნებში, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ჩატარებულ კვლევებშიც კი ჩანდა.
როგორც სოციოლოგმა აღნიშნა, ამის გვერდით არსებობს გადაუწყვეტლობის ჭეშმარიტი შინაარსი და შესაძლოა, ობიექტურად არსებობენ ადამიანები, რომლებსაც გადაწყვეტილი არ აქვთ, ხმა ვის მისცენ, რაც სრულიად ნორმალური მოვლენაა.
იაგო კაჭკაჭიშვილმა ასევე განაცხადა, რომ 2012 წელს, ძირითადი გამოწვევა, რომელიც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის წინაშე იდგა, რესპოდენტების გულწრფელობის პროვოცირება იყო, რადგან ადამიანთა ძალიან დიდი რაოდენობა არჩევანს არ ამჟღავნებდა და ეს გამოკითხვის შედეგებში უზარმაზარ ცდომილებას ქმნიდა.