ია მამალაძე - გვჭირდება ზუსტი არგუმენტები, რომ საკანონმდებლო ცვლილებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებისთვის
ია მამალაძე - გვჭირდება ზუსტი არგუმენტები, რომ საკანონმდებლო ცვლილებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებისთვის

გვჭირდება ზუსტი, მკვეთრი, მწყობრი არგუმენტები როგორც მენეჯმენტისგან, ისე ბორდისგან, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კუთხით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, საქართველოს რეგიონული მედიის თანადამფუძნებელმა, ია მამალაძემ მაუწყებლობის შესახებ კანონზე მედიისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვინაიდან დღევანდელ შეხვედრას საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტიც ესწრება, მათ უნდა წარმოადგინონ არგუმენტები და ისაუბრონ, ეთანხმებიან თუ არა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს.

„მე გახლდით ერთ-ერთი, ვინც მხარს უჭერდა იმას, რომ შემდგარიყო შეხვედრა ყველა მხარის მონაწილეობით. ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, პირველ შეხვედრაზე თქვენ ბრძანეთ და ჩემთვის სრულიად გასაგები იყო, რომ თქვენ იმიტაციურად ბრძანდებოდით მხარე და კამათისთვის ეს ძალიან კარგი იყო და მაქსიმალურად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი არგუმენტები წარმოგვედგინა. ამ შემთხვევაში, აქ მხარე არის წარმოდგენილი, რომელზეც მოდის მტკიცების ტვირთი, რომ მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ისეთი რთული პროცედურის წამოწყება, როგორიც არის საკანონმდებლო ცვლილება, რომ საკანონმდებლო ცვლილება არის გარდაუვალი აუცილებლობა.

ამიტომ დღეს ვისარგებლოთ იმ შემთხვევით, რომ წარმოდგენილია როგორც მენეჯმენტი, ასევე ბორდი, რომელსაც არამგონია ის ფუნქცია ჰქონდეს, რომ რაღაც დანამატი იყოს და ვკითხოთ ამ ადამიანებს, რამდენად ეთანხმებიან ამ ცვლილებებს და ჩვენ, მეორე მხარემ უნდა მოვისმინოთ რაც შეიძლება მყარი არგუმენტები, რომ საკანონმდებლო ცვლილება უნდა განხორციელდეს“,- განაცხადა ია მამალაძემ.

აქართველოს რეგიონული მედიის თანადამფუძნებელმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესაც მიმართა, რომ საზოგადოებას სჭირდება ზუსტი არგუმენტები, რატომ აქვს საკანონმდებლო ცვლილებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კუთხით.

„თქვენ წინა შეხვედრაზე ბრძანეთ და მე ასე გავიგე, რომ თქვენთვისაც მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ კარგად იცოდეს, რაზე იხარჯება დღეს 50 მილიონზე მეტი… რა მნიშვნელობა აქვს ამ ცვლილებას, ორი მილიონით გავზრდით თუ სამით, აქ ხომ პრინციპებზეა საუბარი. აქ ხომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციაზეა ლაპარაკი, რომელიც ამ შემთხვვაში, შეიძლება, დაზარალდეს. ამაზე გვჭირდება მკვეთრი, ზუსტი, მწყობრი არგუმენტები როგორც მენეჯმენტისგან, ისე ბორდისგან, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კუთხით. თქვენზე მტკიცების ტვირთი მოდის, ჩვენ ვუსმენთ“, – განაცხადა ია მამალაძემ.