Hurriyet - თურქეთის მმართველი პარტია შვიდი სამინისტროს გაუქმებას გეგმავს
24 ივნისს დაგეგმილი არჩევნების შემდეგ, თურქეთის მმართველი პარტია შვიდი სამინისტროს გაუქმებას გეგმავს, მათ შორის ევროკავშირთან ურთიერთობების სამინისტროს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Hurriyet-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირთან ურთიერთობების სამინისტროს მოვალეობებს საგარეო საქმეთა უწყება შეითავსებს.
თურქული მედია ავრცელებს, რომ მმართველი პარტია აღნიშნულ გეგმავს არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანის გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებს.
რამდენიმე დღის წინ სიტყვით გამოსვლისას, ერდოღანმა აღნიშნა, რომ მთავრობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სამინისტროების რაოდენობა 25-დან 14-მდე ან 15-მდე შემცირდება.
24 ივნისს თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
სოციოლოგიური გამოკითხვები მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის გამარჯვებას ვარაუდობს.