„ჰუმან რაითს ვოჩი” - ისრაელმა ლიბანის რამდენიმე ქალაქსა და სოფელში თეთრი ფოსფორის საბრძოლო მასალა გამოიყენა
„ჰუმან რაითს ვოჩი” - ისრაელმა ლიბანის რამდენიმე ქალაქსა და სოფელში თეთრი ფოსფორის საბრძოლო მასალა გამოიყენა

ისრაელმა სამხრეთ ლიბანში, სულ მცირე, ხუთ ქალაქსა და სოფელში, საცხოვრებელ სახლებზე თეთრი ფოსფორის ცეცხლგამჩენი ჭურვები გამოიყენა, – ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოჩის” ანგარიშშია ნათქვამი.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ლიბანში თეთრი ფოსფორის გამო დამწვრობის მტკიცებულება არ არსებობდა, მაგრამ მკვლევრებმა „მოისმინეს ანგარიშები, რომლებიც მიუთითებდნენ შესაძლო რესპირატორულ დაზიანებაზე“.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ საერთაშორისო კანონმდებლობით დასახლებულ ადგილებში აკრძალული საბრძოლო მასალის გამოყენება დანაშაულია.

თეთრი ფერის გაცხელებულ ქიმიურ ნივთიერებას შეუძლია შენობებში ცეცხლის გაჩენა და ადამიანის ძვლებამდე დაწვა. გადარჩენილები ინფექციების, ორგანოების დაზიანების ან სუნთქვის უკმარისობის რისკის ქვეშ არიან, თუნდაც მათი დამწვრობა მცირე იყოს.

ანგარიში მოიცავს ინტერვიუს რვა მცხოვრებთან კონფლიქტით დაზარალებულ სამხრეთ ლიბანში, ასევე გადამოწმებულ გეოლოკაციურ გამოსახულებას თითქმის 47 ფოტოდან და ვიდეოდან, რომელიც აჩვენებს თეთრი ფოსფორის ჭურვების გამოყენებას.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თეთრი ფოსფორის ზემოქმედების შემდეგ, სულ მცირე, 173 ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება.

ისრაელში ამტკიცებენ, რომ თეთრ ფოსფორს იყენებენ მხოლოდ კვამლის ფარდის შესაქმნელად და არა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაზიანებლად.