ჰუბერტ ქნირშმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
ჰუბერტ ქნირშმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და პარლამენტის წინ მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ, რათა სხვებმა თავისუფლებაში სიცოცხლე შეძლონ. დღეს ვიხსენებთ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში საპროტესტო აქციის სისხლიან დარბევას და ამავე დროს, ვფიქრობთ თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ ხალხზე და მათზე, ვინც ამ ბრძოლას ემსხვერპლა“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.