ჰუბერტ ქნირში - ვიმედოვნებ, სხვადასხვა მოდელთან დაკავშირებით არსებულ შეთავაზებებზე იანვარში რეალური პროცესი დაიწყება
ჩვენ კარგი შეხვედრა გვქონდა, სადაც ბევრი შეთავაზება დაიდო მოლაპარაკების მაგიდაზე, – ამის შესახებ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დიალოგის მეოთხე რაუნდის შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.
მისი თქმით, 2020 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წელია, დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნები.
„ჩვენ კარგი შეხვედრა გვქონდა, სადაც ბევრი შეთავაზება დაიდო მოლაპარაკების მაგიდაზე. იმედი მაქვს, როდესაც პოლიტიკური პარტიები იანვარში შეხვედრას კვლავ გამართავენ, დაიწყება რეალური მოლაპარაკება სხვადასხვა მოდელთან დაკავშირებით არსებულ შეთავაზებებზე. ეს არის ტესტი ყველა იმ პიროვნებისთვის, ვინც საქართველოში პოლიტიკოსია, რადგან საარჩევნო კანონის მიღება მათი პასუხისმგებლობა იქნება“, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა.
მისი თქმით, დღეს ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა შეთავაზებები წარადგინეს, თუმცა ერთმანეთის შეთავაზებები არ მოეწონათ.
„დღეს მოლაპარაკებებზე ოპოზიციამ და „ქართულმა ოცნებამ“ წამოაყენეს შეთავაზებები. თუმცა მხარეებს ერთმანეთის შეთავაზებები არ მოეწონათ. ეს ბუნებრივია მოლაპარაკებების დასაწყისში და როგორც ვთქვი, ვიმედოვნებ, რომ იანვარში ორ მხარეს შორის რეალური პროცესი დაიწყება იმ შეთავაზებებთან დაკავშირებით, რომლებიც განიხილება. ჩვენ გვაქვს ბევრი ელემენტი, ზოგი ეხება უშუალოდ 2020 წლის არჩევნებს, ზოგი უფრო გრძელვადიანია, ზოგიც მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ზოგი ეხება მაჟორიტარულ ოლქებს. ასე რომ, მაგიდაზე ბევრი წინადადებაა და შესაბამისად, არჩევანიც დიდია“, – განაცხადა დიალოგის მეოთხე რაუნდის შემდეგ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა.
მმართველი გუნდი პარლამენტში მაჟორიტარული მანდატების შემცირების ინიციატივით გამოდის. „პოლიტიკურ სპექტრს ჩვენ ვთავაზობთ ინიციატივას, შევინარჩუნოთ მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გავზარდოთ პროპორციულობის წილი ამ სისტემაში. ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში, პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს, ნაცვლად 77-ისა, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-დე შემცირდება. შესაბამისად, იქნება 100 პროპორციული მანდატი მომავალ პარლამენტში, თუ ეს შეთანხმება შედგა და იქნება 50 მაჟორიტარული მანდატი“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე, რომელიც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების დიალოგის მეოთხე რაუნდის შემდეგ გაიმართა.