ჰუბერტ ქნირში - გერმანიის პროკურატურის განცხადებაში საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით ნახსენები ფრაზა ეკუთვნის ზელიმხან ხანგოშვილს და არ წარმოადგენს ფედერალური პროკურატურის მოსაზრებას
ჰუბერტ ქნირში - გერმანიის პროკურატურის განცხადებაში საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით ნახსენები ფრაზა ეკუთვნის ზელიმხან ხანგოშვილს და არ წარმოადგენს ფედერალური პროკურატურის მოსაზრებას

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებაში ფრაზა „საქართველოს პრორუსული მთავრობა“ ზელიმხან ხანგოშვილის სიტყვებია და არ წარმოადგენს პროკურატურის მოსაზრებას. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა.

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის ბრალის წაყენების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო: „შეკვეთილი მკვლელობის ფონს წარმოადგენდა მსხვერპლის მტრული დამოკიდებულება რუსეთის სახელმწიფოსთან, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებთან, ასევე, საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან“.

საქართველოში გერმანიის ელჩის თქმით, ფედერალური პროკურატურის განცხადებაში ფრაზა, რომელიც რეალურად ხანგოშვილის სიტყვებს წარმოადგენს და არა პროკურატურის პოზიციას, უკეთესადაც შეიძლებოდა, ყოფილიყო ფორმულირებული.

„მესმის, რომ საქართველოს მოქალაქეები გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადების გამო შეწუხებულები არიან. პროკურატურის განცხადება, რომელიც, ცხადია, უკეთესადაც შეიძლებოდა, ყოფილიყო ფორმულირებული, ეხება აწ განსვენებული ხანგოშვილის საკითხს, კერძოდ, რა მიზნით იყო იგი გერმანიაში, აგრეთვე, მის განცხადებას, რომ მისი საზღვარგარეთ ყოფნის მიზეზს წარმოადგენდა საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან დაპირისპირება – ეს გახლავთ მისი სიტყვები და არა გერმანიის პროკურატურის მოსაზრება. ვწუხვარ, რომ შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს გენერალურ პროკურატურას საქართველოს მთავრობის პოლიტიკური ორიენტაციის დახასიათება სურდა. ეს მათი მიზანი არ ყოფილა“,- განაცხადა გერმანიის ელჩმა.

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს, რუსეთის მოქალაქე ვადიმ კ-ს დღეს ბრალი წაუყენა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის მთავრობამ შეუკვეთა. უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვადიმ კ. 2019 წლის 17 აგვისტოს, მკვლელობის შეკვეთის შესასრულებლად მოსკოვიდან პარიზში გაემგზავრა, 20 აგვიტოს კი ვარშავაში ჩავიდა. 22 აგვიტოს ბრალდებული პოლონეთიდან ბერლინში „დაუდგენელი მარშრუტით“ ჩავიდა. ამასთან, გერმანიის ფედერალური პროკურატურა წერს, რომ ვადიმ კ-მ შენგენის ვიზა მოსკოვში, საფრანგეთის საელჩოში 2019 წლის 30 ივლისს აიღო. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია და ამაჟამად გერმანიის ციხეში იმყოფება.

მანამდე გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსეთი ხანგოშვილის საქმის გამოძიებაში ბერლინთან არ თანამშრომლობს, ამავე საქმესთან დაკავშირებით ბერლინმა რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა.