ჰუბერტ ქნირში - დეპოლარიზაცია პოლიტიკოსებისაგან, პარტიებისგან, ასევე მედიასაშუალებებისგანაც მოითხოვს ქცევის შეცვლას, პოლარიზაციამ მოიცვა სხვადასხვა სფერო, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციაც კი
საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში ევროკავშირის რეკომენდაციებიდან ყველაზე დიდ გამოწვევად დეპოლარიზაციას მიიჩნევს.
როგორც ქნირშმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, დეპოლარიზაცია მოითხოვს პოლიტიკოსებისაგან, პარტიებისგან ქცევის შეცვლას, ასევე ქცევის შეცვლას მედიასაშუალებებისგანაც.
„ყველაზე დიდი გამოწვევა, ჩემი შეფასებით, არის დეპოლარიზაცია, რომელიც მოითხოვს პოლიტიკოსებისაგან, პარტიებისგან ქცევის შეცვლას, ასევე ქცევის შეცვლას მედიასაშუალებებისგანაც. ხანდახან მესმის, რომ მედიაში კიდევ უფრო დიდი დაპირისპირებაა, ვიდრე პოლიტიკაში. პოლარიზაციამ მოიცვა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფერო, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციაც კი. ადამიანებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ თავიანთი ქცევის შეცვლა, ეს ყოველთვის არის შესაძლებელი. მოხდება ეს თუ არა, არის თუ არა ამის დიდი შანსი, ამას ვერ განვსჯი. დიდი პოეტი ხომ ამბობდა, ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსაო. მე უბრალოდ, იმედი მაქვს, რომ ქართველი პოლიტიკოსები ქვეყნის წინსვლისათვის ამ ნაბიჯს გადადგამენ, პარტიებს შორის დაძაბულობას შეამცირებენ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთმანეთთან ურთიერთობის ტონს გააუმჯობესებენ“, – აცხადებს გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში.
კითხვაზე, ხედავს თუ არა პარტიების ან საზოგადოების სხვადასხვა წრეების მხრიდან დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯის გადადგმის სურვილს, გერმანიის ელჩი აღნიშნავს:
„ამასთან დაკავშირებით ბევრი საუბარი მქონია და, რა თქმა უნდა, ვხედავ, როგორი განსხვავებულია პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებები. მოქმედება სხვადასხვანაირად არის შესაძლებელი. მუშაობა უნდა წარიმართოს პარლამენტში და ამისათვის პარლამენტისგან მოწვევაც არის. ზოგიერთმა პარტიამ ჯერ მკაფიოდ განაცხადა, რომ ამ მუშაობაში მონაწილეობის მიღება არ სურდა, შემდეგ განაცხადეს, რომ საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება სურთ. მე ეს ისე მესმის, რომ შემდეგ ეს პარტიები თავიანთ პოზიციას პარლამენტის მუშაობის პროცესში გააჟღერებენ, სხვა შემთხვევაში ასეთ მოქმედებას ხომ აზრი არ ექნება. ამგვარად, არც ისე პესიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან საქართველოში უკვე არსებობს რეაქცია იმ სურვილზე, რომელიც ევროკავშირმა გააჟღერა და რაც ასევე წარმოადგენს ქართველი ხალხის სურვილსაც. ეს არის სურვილი, რომ პარტიებმა იმუშაონ ერთად, რათა შეასრულონ თავიანთი ამოცანები, გაუმკლავდნენ თავიანთ პასუხისმგებლობას და ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს შეეჭიდონ“, – აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა.