ჰონგ-კონგთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება წლის ბოლომდე ამოქმედდება
ჰონგ-კონგთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება წლის ბოლომდე ამოქმედდება

ჰონგ-კონგთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება წლის ბოლომდე ამოქმედდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ჰონგ-კონგში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გენადი არველაძემ მადლობა გადაუხადა ჰონგ-კონგის მხარეს წარმატებული მოლაპარაკებისთვის.

„მოხარული ვარ, რომ „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ სამიტის ფარგლებში მოხდა საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება. ნება მომეცით მადლობა გადავუხადო ჰონგ-კონგის მხარეს წარმატებული მოლაპარაკებისთვის, რომელიც ძალიან მოკლე პერიოდში დავასრულეთ. როგორც საქართველო, ისე ჰონგ-კონგი ღია ეკონომიკის სიკეთით სარგებლობს და ვფიქრობ, ჩვენ ბევრი საკითხი ერთნაირად გვესმის, რის შედეგადაც ჩვენს შორის შეთანხმება ძალიან მოკლე დროში მოხდა. ასევე ძალიან მოხარულები ვართ, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში მიმდინარე წლის ბოლომდე შევა“, – განაცხადა გენადი არველაძემ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხელმოწერა ჰონგ-კონგში „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ სამიტის ერთ-ერთი ცენტრალური ღონისძიება იყო. სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის სამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დროულად დავასრულოთ ყველა შიდა პროცედურა, რათა ჩვენს მწარმოებლებს, ჩვენს ექსპორტიორებს რაც შეიძლება სწრაფად მიეცეთ საშუალება, ისარგებლონ ამ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით. ეს ხელშეკრულება იქნება საშუალება ჩვენი მეწარმეებისთვის, გამოიყენონ ყველა ის უპირატესობა, რაც ამ შეთანხმებას მოაქვს მათთვის“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.