ჰოლივუდის ფილმის გადაღებების გამო, დღეიდან 27 აგვისტომდე ვაჟა-ფშაველას გამზირზე, იონა ვაკელის ქუჩიდან მეტროსადგურ „დელისამდე“ მოძრაობა იკრძალება [ვიდეო]
შსს-ს ცნობით, ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებების გამო, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან იზღუდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე თბილისსა და რუსთავში ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის ერთ-ერთი ეპიზოდის დაგეგმილი გადაღებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
პირველ ეტაპზე, 18 აგვისტოს 07:00 საათიდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობა აიკრძალება იონა ვაკელის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ჩიხამდე, ანუ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკიდან მეტროსადგურ „დელისამდე“.
შესაბამისად, მოძრაობა ცალმხრივად იქნება შესაძლებელი:
– ნუცუბიძის ქუჩაზე, ბუდაპეშტის ქუჩიდან თავაძის ქუჩამდე მონაკვეთში;
– თავაძის ქუჩაზე, ნუცუბიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით;
ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა იმოქმედებს 24-საათიან რეჟიმში, ხოლო ქვეითთათვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.
კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებიდან იონა ვაკელის ქუჩისკენ მოძრაობა დაშვებული იქნება სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადების სატრანსპორტო საშუალებებისთვის“, – აცხადებენ შსს-ში.
ამასთან, დროებითი ცვლილებებიდან გამომდინარე, კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, მუნიციპალური ავტობუსები N21, N24, N34, N47, N49, N51, N54, N66, N87, N88 და N150 ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ „დელისთან“ იონა ვაკელის, ნუცუბიძისა და თავაძის ქუჩების გავლით მოხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, მიკროავტობუსები და ავტობუსები N63 და N99 მეტროსადგურ „დელისიდან“ ნუცუბიძის ქუჩას ვაჟა-ფშაველას გამზირისა და მარიჯანის ქუჩის მეშვეობით დაუკავშირდებიან, ხოლო ნუცუბიძის ქუჩიდან ბუდაპეშტის ქუჩაზე მისასვლელად, როგორც კერძო, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, ავტობუსები N6 და N89 იმოძრავებენ თავაძის ქუჩის, ყაზბეგის გამზირისა და იონა ვაკელის ქუჩის გავლით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ცინცაძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით კარტოზიას ქუჩის გავლით მოძრაობდა, ვაჟა-ფშაველას გამზირს ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩისა და თამარაშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდება, ხოლო ბერიტაშვილისა და ბუდაპეშტის ქუჩებიდან კერძო ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბუდაპეშტისა და ჭილაძის ქუჩების გავლით მოხვდება.