ჰიზერ ნაუერტი - აშშ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში მონაწილე პირების წინააღმდეგ დამატებით ზომებს მიმართავს
ამერიკის შეერთებული შტატები ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში მონაწილე პირების წინააღმდეგ დამატებით ზომებს მიმართავს, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჰიზერ ნაუერტმა გააკეთა.
„ჩვენ ვაგრძელებთ ამ საქმის შესწავლას. დამატებითი ზომებს მივმართავთ იმ პირების წინააღმდეგ, რომლებმაც დაგეგმეს, უხელმძღვანელეს და განახორციელეს ეს მკვლელობა“, – განაცხადა ჰიზერ ნაუერტმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სტამბოლში მოკლული ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის საქმესთან დაკავშირებით დღეს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელ ჯინა ჰასპელს ესაუბრა.
გამოცემა The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დასკვნით, შესაძლოა, ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ბრძანება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ გასცა.
ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს, სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს.