ჰენრი კისინჯერი - ჩვენ გვაქვს საქართველოს დაცვის სრული უფლება, მაგრამ რატომ მულტილატერალური ინსტიტუტის ფარგლებში?
რას აკეთებს საქართველო ნატო-ში? ჩვენ გვაქვს მისი დაცვის სრული უფლება, მაგრამ რატომ მულტილატერალური ინსტიტუტის ფარგლებში? – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა „ეკონომისტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ნატო-ს გაფართოებაზე საუბრისას ამერიკელმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ პუტინი არ ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ევროპის ეკონომიკურ სისტემასთან მიერთებას, მაგრამ არა – ნატო-ში გაწევრიანებას და ომამდე რუსეთის მიერ წარდგენილი ინიციატივა დასავლეთმა არასერიოზულად მიიღო.
„რუსული კუთხით რომ შეხედო, 1989 წელს ევროპას მდინარე ელბამდე აკონტროლებდნენ. შემდეგ ისინი გავიდნენ იქიდან, მათი შინაგანი სისტემის იძულებით, მაგრამ მაინც – გავიდნენ და ყოველი კვადრატული ინჩი, რისგანაც ისინი გამოვიდნენ, ნატო-ს ნაწილი გახდა. ერთადერთი ტერიტორია, რომელიც დარჩა, იყო ქვეყანა, რომელსაც ყოველთვის თვლიდნენ ორგანულად და ისტორიულად ყველაზე ახლობელ ძმად. და ახლა ისიც ნატო-ში მიდის. ასე რომ, ეს იყო დიდი შემობრუნება, ეს იყო საბოლოო შემობრუნება. პუტინის შეთავაზება თავისთავად არ იყო მისაღები, მაგრამ შეიძლებოდა, ყოფილიყო საწყისი წერტილი. ჩვენმა მომლაპარაკებლებმა მოლაპარაკებაზე თქვეს, რომ ამერიკული პრინციპი არის ის, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც აკმაყოფილებს ჩვენი წევრობის კვალიფიკაციას, შეუძლია გაწევრიანება. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი მთლიანად გარშემორტყმული იქნება ნატო-ს ქვეყნებით. რას აკეთებს საქართველო ნატო-ში? ჩვენ გვაქვს მისი დაცვის სრული უფლება, მაგრამ რატომ მულტილატერალური ინსტიტუტის ფარგლებში?“ – განაცხადა ჰენრი კისინჯერმა.
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოებისთვის უმჯობესია, უკრაინა იყოს ნატო-ში, სადაც ტერიტორიულ პრეტენზიებზე ეროვნულ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს.