ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 55-მდე გაიზარდა
ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 55-მდე გაიზარდა

ჰავაიზე მასშტაბური ხანძრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კუნძულ მაუიზე ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

ჰავაის გუბერნატორის, ჯოშ გრინის განცხადებით, ხანძარი არის ყველაზე დიდი ბუნებრივი კატასტროფა ჰავაის შტატის ისტორიაში და ისტორიული ზღვისპირა ქალაქის, ლაჰაინას 80 პროცენტი განადგურებულია.

ქალაქ ლაჰაინაში თავის გადასარჩენად ტურისტები წყალში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ჰავაიდან ათიათასობით ადამიანი ევაკუირებულია, ხოლო 11 000 ადამიანი კუნძულის დასავლეთ მხარეს ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ ტყის ხანძრის ჩაქრობას.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება, რათა შტატს ფედერალური მთავრობისგან ყველაფერი ჰქონდეს, რაც მას აღსადგენად სჭირდება.

„ჩვენ ახლახან დავამტკიცეთ ჰავაიზე კატასტროფის დეკლარაცია, რომელიც უზრუნველყოფს დახმარებას იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს ესაჭიროებათ. ვინც საყვარელი ადამიანი დაკარგა, რომლის სახლიც დაზიანდა ან დანგრეულია, სასწრაფოდ მიიღებს დახმარებას. შესაბამის უწყებებს მივმართე, რომ გავზარდოთ მხარდაჭერა მამაცი მეხანძრეების, მაშველებისა და სასწრაფო დახმარების პერსონალისთვის, რომლებიც იქ მუდმივად მუშაობენ, თავიანთ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ. ამ დილით გუბერნატორ ჯოშ გრინთან ხანგრძლივი საუბარი გვქონდა და ვაცნობეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა შტატს ფედერალური მთავრობისგან ყველაფერი ჰქონდეს, რაც მას აღსადგენად სჭირდება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა.