ჰავაის კუნძულ მაუის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ხანძრის გავრცელების შემდეგ გამაფრთხილებელ სიგნალს, შესაძლოა, უფრო დიდი მსხვერპლი მოჰყოლოდა
ჰავაის კუნძულ მაუის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ხანძრის გავრცელების შემდეგ გამაფრთხილებელი სიგნალის ჩართვას, შესაძლოა, უფრო დიდი მსხვერპლი მოჰყოლოდა.
ამის შესახებ განცხადება ჰერმან ანდაიამ ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი განმარტებით, წინასწარი გაფრთხილების სისტემა, რომელიც მაუის აქვს, ცუნამის შესახებ ატყობინებს მოქალაქეებს. მისივე თქმით, თუ სირენას ხანძრის შემთხვევაში ჩართავდნენ, შესაძლოა, მოქალაქეები უფრო საშიში ზონებისკენ წასულიყვნენ.
„მოქალაქეებმა იციან, რომ სირენის ჩართვის დროს სიმაღლეს უნდა შეაფარონ თავი. ხანძრის დროს ამ სისტემის ჩართვის შემთხვევაში არსებობდა საფრთხე, რომ მოქალაქეები მთიანი რეგიონებისკენ აიღებდნენ გეზს და, შესაბამისად, ხანძრის ეპიცენტრში აღმოჩნდებოდნენ“, – განაცხადა მაუის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, ცუნამის წინასწარი გაფრთხილების სისტემა ძირითადად ოკეანის სანაპიროზე მდებარე დასახლებებშია დამონტაჟებული და, შესაბამისად, მთიანი რეგიონების მცხოვრებლებს ვერ დაეხმარებოდა.
ბოლო ცნობებით, ჰავაის კუნძულ მაუიზე მასშტაბურ ხანძარს 110 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ხანძრის შედეგად დაზიანდა 2 200-ზე მეტი შენობა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხანძრის დროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოქმედებების შესწავლა პროკურატურას დაავალა.
18 აგვისტოს ჰავაის კუნძულ მაუიზე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი გეგმავენ ჩასვლას.