ჰასან როჰანი - საუდის არაბეთის რწმენა, რომ ირანი მტერია, აშშ და ისრაელი კი მეგობრები, სტრატეგიული შეცდომაა
საუდის არაბეთის რწმენა, რომ ირანი მტერია, აშშ და ისრაელი კი მეგობრები არიან, სტრატეგიული შეცდომაა, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა განაცხადა. ჰასან როჰანის თქმით, აშშ-მა თავის მოკავშირეებთან ერთად ირანის წინააღმდეგ შესაძლებლობების სრული მობილიზაცია მოახდინა, თუმცა ვერაფერს მიაღწა.
ირანის პრეზიდენტმა იემენელი შიიტი ჰუსიტების მიერ საუდის არაბეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვებაზეც ისაუბრა. როჰანი ფიქრობს, რომ სარაკეტო თავდასხმა იყო რეაქცია საუდის არაბეთის აგრესიაზე.
„როგორი უნდა იყოს იემენელი ხალხის რეაქცია საკუთარი ქვეყნის დაბომბვაზე. ნუთუ არ აქვთ იარაღის გამოყენების უფლება? პირველებმა თქვენ შეაჩერეთ დაბომბვები და ნახავთ, თუ არ მოიქცევიან იემენელები ანალოგიურად“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.