ანტინობელის პრემიის ლაურეატების ვინაობა ცნობილია. აღნიშნულ პრემიას გადასცემენ მეცნიერებს სხვადასხვა უცნაური და ღიმილისმომგვრელი კვლევებისა თუ გამოგონებებისთვის.
წელს პრემიის გადაცემის ცერემონიალი 31-ედ გაიმართა. მშვიდობის დარგში გამარჯვებულად დასახელდა სამი ამერიკელი მეცნიერი, რომლებიც ცდილობდნენ, შეემოწმებინათ, რამდენად მართალია თეორია, რომ მამაკაცებმა წვერი იმის გამო მოუშვეს, რომ ჩხუბის დროს სახე დაზიანებისგან დაეცვათ. სამივე ლაურეატი პროფესიით ბიოლოგია.
ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერებმა ადამიანის თავის ქალას მატყლი შემოახვიეს და დაადგინეს, რომ ის დარტყმის ენერგიის 37%-ს შთანთქავს.
ბიოლოგიის დარგში პრემია მიიღო შვედმა მეცნიერმა, რომელმაც შინაური კატების მიერ გამოცემული ხმების სპექტრი შეისწავლა. მედიცინის დარგში დაჯილდოვდნენ მკვლევრები გერმანიიდან, თურქეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან, რომლებმაც ფროიდის ერთ-ერთი ჰიპოთეზა განავითარეს და დაამტკიცეს, რომ ეფექტური ორგაზმი სურდოს შველის. ეკოლოგიის დარგში გამარჯვებული გახდნენ ესპანელი და ირანელი მკვლევრები, რომლებმაც ხუთ სხვადასხვა ქვეყანაში ქუჩაში დაგდებული საღეჭი რეზინის ბაქტერიოლოგიური ანალიზი ჩაატარეს.
ქიმიის დარგში შნობელი გადაეცათ მეცნიერებს ექვსი ქვეყნიდან, რომლებმაც შეისწავლეს, თუ რა კავშირი არსებობს კინოფილმებზე ასაკობრივ შეზღუდვასა და კინოთეატრების დარბაზებში ჰაერის შემადგენლობას შორის. ეკონომიკის დარგში კი დააჯილდოეს მკვლევრები, რომლებმაც დაადგინეს ურთიერთკავშირი პოლიტიკოსების სხეულის მასასა და კორუფციის ხარისხს შორის.
კიდევ ერთი პრემია ტრანსპორტის დარგში გადაეცა მკვლევართა ჯგუფს, რომლებიც ცდილობდნენ, დაედგინათ, როგორ მოქმედებს მარტორქების ორგანიზმზე მათი თავდაყირა გადაადგილება.
ანტინობელის პრემია 1990 წლიდან 10 სფეროში გაიცემა.