ბორის ჯონსონი რუს მეცნიერებს, რომლებიც პუტინის ძალადობრივი პოლიტიკით უკმაყოფილო არიან, ბრიტანეთში გადასვლას სთავაზობს
ბორის ჯონსონი რუს მეცნიერებს, რომლებიც პუტინის ძალადობრივი პოლიტიკით უკმაყოფილო არიან, ბრიტანეთში გადასვლას სთავაზობს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი იმ რუს მეცნიერებს, რომლებიც პუტინის ძალადობრივი პოლიტიკით არიან უკმაყოფილო, დიდ ბრიტანეთში გადასვლას სთავაზობს. შესაბამის ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ბრიტანეთის პრემიერის განმარტებით, ეს შეთავაზება არის უკრაინულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის არსებული სისტემის გაფართოება, რომელიც საშუალებას აძლევს უკრაინელ მეცნიერებს თავიანთი მუშაობა ბრიტანეთში გააგრძელონ.

„რუსი მეცნიერები და მკვლევარები, რომლებიც შეშფოთებით უყურებენ პუტინის ძალადობას და რუსეთში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ: თქვენ შეგიძლიათ, თამამად შეიტანოთ განაცხადი ბრიტანეთში გადასვლაზე და იმუშაოთ ქვეყანაში, რომელიც აფასებს ღიაობას, თავისუფლებას და ცოდნისკენ სწრაფვას“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

„გარდიანის“ ცნობით, პროგრამის „მკვლევარები რისკის ზონაში“ ფარგლებში დიდ ბრიტანეთში 130-მდე უკრაინელი მეცნიერი ჩავა. პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა თითქმის 10 მილიონი ფუნტით. ანალოგიურ მხარდაჭერას ბრიტანეთის ხელისუფლება ახლა რუს მეცნიერებასაც სთავაზობს.