ჰარი კეინმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და ლიონელ მესის ერთი ბურთით ჩამორჩება
2017 წლის საუკეთესო ბომბარდირობისთვის ბრძოლა გრძელდება. “სუპერკლასიკოში” ერთი გოლის გატანის შემდეგ, ლიონელ მესის მიმდინარე კალენდარულ წელს 54 გოლი დაუგროვდა და ის ლიდერი გახდა ყველა ფეხბურთელს შორის.
არგენტინელმა გაუსწრო კრიშტიანუ რონალდუს (“რეალი”), რობერტ ლევანდოვსკისა (“ბაიერნი”) და ედინსონ კავანის (პსჟ), რომლებსაც 53-53 გოლი აქვთ გატანილი.
ოთხივე მათგანს აღარ მოუწევს 2017 წელს ოფიციალური მატჩის ჩატარება, თუმცა, მესის პირველობა არ აქვს განაღდებული, რადგან რონალდუს, ლევანდოვსკისა და კავანის “ტოტენჰემის” ფორვარდი ჰარი კეინი დაეწია.
ლონდონურმა კლუბმა პრემიერლიგის მე-19 ტურში სტუმრად 3:0 მოუგო “ბორნმუთს” და სამივე გოლი სწორედ კეინმა გაიტანა, რითაც 2017 წელს მისი მონაგარი ასევე 53 გოლი გახდა.
“ტოტენჰემს” ახალ წლამდე კიდევ რჩება ერთი მატჩი – 26 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ და ორი გოლის გატანის შემთხვევაში, 2017 წლის საუკეთესო ბომბარდირი არა ლიონელ მესი, არამედ ჰარი კეინი იქნება.