ჰანს კლუგე - მინდა, ქართველ ხალხს მოგილოცოთ ის წარმატება, რომელსაც თქვენმა ჯანდაცვის წარმომადგენლებმა, ექიმებმა მიაღწიეს, ისინი ამ პანდემიის გმირები არიან
ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში აქცენტი გაკეთდება ჯანდაცვის მუშაკებზე, ეს ძალიან მახარებს, რადგან იცით, რომ არ არსებობს ჯანდაცვის სისტემა ჯანდაცვის მუშაკების გარეშე, – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.
ჰანს კლუგეს თქმით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და ქართველი ექიმები „პანდემიის გმირები არიან“.
„საქართველოში ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, ძირითადი ფოკუსირება გაკეთდება პირველად ჯანდაცვაზე. ჩვენ დავინახეთ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც პირველად ჯანდაცვაზე არის ფოკუსირება, ისინი გაცილებით უფრო წარმატებით ართმევენ თავს „კოვიდ-19“-თან ბრძოლას და სხვა გამოწვევებს. ძალიან მოხარული ვარ, რომ არსებობს ეს გეგმა საქართველოში, სწორედ პირველად ჯანდაცვის განვითარების და ხელშეწყობის დონეზე, არა მხოლოდ საავადმყოფოების დონეზე. ასევე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აქცენტი გაკეთდება ჯანდაცვის მუშაკებზე. ეს მე ძალიან მახარებს, რადგან იცით, რომ არ არსებობს ჯანდაცვის სისტემა ჯანდაცვის მუშაკების გარეშე. მინდა, ქართველ ხალხს მივულოცო ის წარმატება, რომელსაც თქვენმა ჯანდაცვის წარმომადგენლებმა, ექიმებმა მიაღწიეს. უნდა დააფასოთ ისინი, რადგან ისინი არიან ამ პანდემიის გმირები“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.
ამასთან, კლუგეს განცხადებით, ვირუსის შესაკავებლად აუცილებელია სხვადასხვა ზომის გატარება.
„მარტში ყველა ქვეყანა გაოცებული იყო ვირუსის გავრცელების სისწრაფით, დაიხურა ყველაფერი. ჩვენ რა თქმა უნდა, ვცდილობდით მარტში ვირუსის გავრცელების შემცირებას, ხალხის გადარჩენას. დღეს კი, ჩვენ უკვე მეტი ცოდნა გვაქვს ყოველივეს შესახებ და შეგვიძლია, ვმართოთ, თავი დავიცვათ ვირუსის სწრაფი გავრცელებისგან და ამით დავიცვათ მოსახლეობა. აქ ეს ბალანსი არის ძალიან დელიკატური. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა გავატაროთ ის ზომები, რომ შევაკავოთ ვირუსი, მაგრამ ასევე უნდა ვიფიქროთ ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობაზე, ოჯახში ძალადობის გაზრდილ ფაქტებზე, რომ ადამიანები კარგავენ შემოსავალს, შშმ ბავშვებზე, რომლებიც ვერ ღებულობენ დახმარებას ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით და სხვა დაავადებების მქონე პაციენტები, ონკოლოგიური პაციენტები. აქ არ არსებობს სწორი ან არასწორი მიდგომა. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ძალიან დელიკატური, ბალანსი, რომელიც უნდა იყოს დაცული შესაბამისი მეცნიერული მონაცემების საფუძველზე, რაც კეთდება ამისთვის საქართველოში“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.