ჰამბურგში, ნაცისტების ყოფილ ბუნკერში ძვირად ღირებული სასტუმრო მოეწყობა
ჰამბურგში, ნაცისტების ყოფილ ბუნკერში ძვირად ღირებულ სასტუმროს გააკეთებენ. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
ესპანური კომპანიის გეგმის მიხედვით, სასტუმროს 136 ნომერი, ბარი, რესტორანი და სხვადასხვა გასართობი საშუალებები ექნება.
თუმცა სასტუმროს მთავარი სანახაობა მისი ფორმა იქნება. როგორც ცნობილია, ბუნკერის თავზე აშენებული სასტუმრო პირამიდის ფორმის, დაკიდებული ბაღებით გარშემორტყმული იქნება.
ბუნკერზე აშენებული სასტუმროს კიდევ ერთი ხიბლი პანორამული ხედები იქნება. სასტუმროსთან ერთად, ესპანური კომპანია ტერიტორიაზე ნაცისტური რეჟიმის და მეორე მსოფლიო ომის შედეგად დაღუპული ადამიანების პატივსაცემად მემორიალს გახსნის.
მემორიალის და სასტუმროს თავზე გაშენებული ბაღის მონახულება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
სასტუმროს მშენებლობა 2021 წლის შუა პერიოდისთვის დასრულდება.
ისტორიული წყაროების მიხედვით, ბუნკერი 1942 წელს სულ რაღაც 300 დღეში ათასამდე იძულებითმა მუშამ ააშენა. ბუნკერის კედლების სისქე 3.5 მეტრს აღწევს. თავად შენობა კი 18 ათას ადამიანს იტევს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ბუნკერი არ დაენგრია, რადგან ამისთვის საჭირო სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობების დაზიანების მაღალი რისკი არსებობდა.
ნაცისტური რეჟიმის დამარცხების შემდეგ, გარკვეული პერიოდი ბუნკერში ერთ-ერთი ტელევიზია, ასევე რადიოსადგური იყო განთავსებული. ამჟამად ბუნკერი ხელოვნებას ემსახურება – შენობაში განთავსებულია ღამის კლუბი, მუსიკალური მაღაზია, ასევე, კრეატიული სივრცე მუსიკოსებისა და არტისტებისთვის.