გერმანული გამოცემის ინფორმაციით, „ჰამბურგი“ საბა საზონოვის დამატებით დაინტერესდა #1TVSPORT
გერმანული გამოცემის ინფორმაციით, „ჰამბურგი“ საბა საზონოვის დამატებით დაინტერესდა #1TVSPORT

იტალიური „ტორინოს“ სპორტული დირექტორი დავიდე ვანიატი ამტკიცებდა, რომ ქართველი მცველის, საბა საზონოვის გაშვებას არ აპირებდა, რადგან ალესანდრო ბონჯორნოს „მილანი“ იწვევს. თუმცა, გერმანული გამოცემის, liga-zwei-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების მცველის დამატებას გერმანული „ჰამბურგი“ განიხილავს, რომელიც ამ ტრანსფერზე ზაფხულშიც მუშაობდა.

„„ჰამბურგს“ სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე ერთი კვირა დარჩა. დიდი ალბათობით, კლუბი მალე ახალ ცენტრალურ მცველს წარადგენს. მათი გზა იტალიისა და ტურინისკენ მიდის. „ჰამბურგს“ დავიდ ზიმას შეძენა სურდა, მაგრამ კლუბები ამ მომენტამდე ვერ შეთანხმდნენ.

ჯერ უცნობია, მოხვდება თუ არა 23 წლის ჩეხი „ჰამბურგში“. Ასევე განიხილება საბა საზონოვის კანდიდატურაც, რომლითაც ზაფხულში გერმანული კლუბი დაინტერესებული იყო. ზიმას მსგავსად, საზონოვიც „ტორინოში“ თითქმის არ თამაშობს და სერია A-ში აქამდე მხოლოდ ხუთი მატჩი აქვს ჩატარებული“, – წერს გერმანული გამოცემა liga-zwei-ი.

„ტორინოს“ მწვრთნელმა, ივან იურიჩმა სერია A-ში „კალიარისთან“ შეხვედრამდე (26 იანვარი) პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში კოფი ჯიჯის ნაცვლად საბა საზონოვს ათამაშებს.