„ჰამბურგის ისლამური ცენტრის“ დახურვის შემდეგ, გერმანიის ელჩი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
„ჰამბურგის ისლამური ცენტრის“ დახურვის შემდეგ, გერმანიის ელჩი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

„ჰამბურგის ისლამური ცენტრის“ დახურვის შემდეგ გერმანიის ელჩი ჰანს-უდო მოცელი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ირანის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, შეხვედრაზე მტრული ქმედების დაგმობისას და გერმანიის მხრიდან ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედების გამო ელჩს ირანის ისლამური რესპუბლიკის ძლიერი პროტესტი გადაეცა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩს განუცხადეს, რომ რაც დღეს გერმანიაში მოხდა, არის ანტიისლამიზმისა და აბრაამული რელიგიების სწავლებების წინააღმდეგობის ნათელი მაგალითი, რაც, რა თქმა უნდა, მეორე მხრივ, არის დიქტატურა და ძალადობის მიზანმიმართული პროპაგანდა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ასეთი ქმედებები არის აზრისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაპირისპირების და, რეალურად, ძალადობისა და ექსტრემისტების ხელშეწყობის ნათელი მაგალითი.

თავის მხრივ, გერმანიის ელჩმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ვითარების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინებს შესაბამის ორგანოებს გერმანიაში.